ჰუბერტ ქნირში - საქართველოში არსებობს ახალი კონსტიტუცია და ამის საფუძველზე უნდა დაინიშნონ მოსამართლეები
გერმანიაში წარმატებულად დასრულდა ფაშისტური რეჟიმისა და სასამართლო სისტემის ჩანაცვლება, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„საქართველოში არსებობს ახალი კონსტიტუცია და ამის საფუძველზე უნდა დაინიშნონ მოსამართლეები. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან გამჭვირვალე რეგულაციების საფუძველზე უნდა მოხდეს და გამოინახება ოქროს შუალედი, სადაც საქართველოს პარლამენტი კომპრომისულ, რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
ამ განცხადებით ჰუბერტ ქნირშმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ გადაწყვიტა გერმანიამ მოსამართლეებთან დაკავშირებით არსებული დილემა – კანონის ცოდნა თუ მორალი, რადგან ნაცისტური რეჟიმის შემდეგ გერმანიასაც მოუხდა გადაწყვეტილების მიღება, რა უნდა ექნათ მოსამართლეებისთვის, რომლებიც სისტემაში მუშაობდნენ და როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ პრობლემას საქართველო.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა საზოგადოებას სისტემაში დარჩენილი მოსამართლეების კრიტიკის უფლება, რადგან მოსამართლეების ნაწილი თვლის, რომ საზოგადოების მხრიდან წამოსული კრიტიკა სასამართლო სისტემის შეურაცხყოფაა, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ მოსამართლის კრიტიკა შეურაცხყოფა არანაირად არ არის და საზოგადოებას ყოველთვის აქვს უფლება, კრიტიკული იყოს.
„ეს საკითხები გერმანიას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში აწუხებდა და დღესაც რჩება პრობლემად“, – განაცხადა ქნირშმა.