ჰუბერტ ქნირში - წელს საქართველოში გერმანული ენის შემსწავლელი ახალი კურსი დაიწყება
გერმანიის საელჩო ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოებთან ერთად წელს საქართველოში გერმანული ენის შემსწავლელი ახალი კურსის დაწყებას გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში საქართველოსთვის პროფესიული განათლების მნიშვნელობა და ამ სისტემის განვითარებისთვის გერმანიის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება განიხილეს.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ გერმანიის მთავრობის დაფინანსებით საქართველოში პროფესიული განათლების ოთხ სასწავლებელს ახალი ტექნიკა, მრავალფუნქციური ღუმელები, უახლესი დონის სიმულატორები, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სიმულაციები, პროგრამული უზრუნველყოფის ოთხი სასკოლო ლიცენზია გადაეცემა. გერმანიის მთავრობა აქტიურად არის ჩართული საქართველოში 13 პროფესიული კოლეჯისთვის სასწავლო აღჭურვილობის შესყიდვაში. 2017 წლიდან კი გერმანიის აქტიური მხარდაჭერით საქართველოში დაინერგა თითქმის 20 ე.წ. დუალური სასწავლო პროგრამა, რომელიც სწავლის პროცესში თეორიულ კურსზე გაცილებით მეტ დროს უშუალოდ საწარმოში პრაქტიკის გავლას უთმობს.
დისკუსიის დროს გერმანიის ელჩმა განმარტა, რომ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა მრავალი კუთხით მიმდინარეობს და წელს ქართულ საზოგადოებას გერმანული ენის შემსწავლელ ახალ კურსსაც შესთავაზებენ.
„უკვე თვეებია, ვმუშაობთ გერმანული ენის კურსებზე. ამ ვირუსის გამო, შეიძლება, ცოტა დაგვიანდეს, მაგრამ ავსტრიის, შვეიცარიის საელჩოები და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად ვაპირებთ ამ კურსის დაწყებას. ჩვენ ქართულ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, ვსაუბრობთ განვითარების თანამშრომლობაზე, განათლებაში, ეკონომიკაში და იმედი მაქვს, რომ ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის ახალი სასწავლო კურსები გვექნება. გერმანული მხარე ასევე მონაწილეობს ქუთაისის ახალ უნივერსიტეტში. ეს არის ახალი და საინტერესო ელემენტი ჩვენს ურთიერთობაში. ასევე იქნება სამხედრო წვრთნები. გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა აბსოლუტურად ყველა სფეროს მოიცავს“, – განუცხადა გერმანიის ელჩმა „ბიზნესპარტნიორს“.