ჰუბერტ ქნირში - ვუსურვებ ასურეთის მოსახლეობას წარმატებებსა და განვითარებას, ყოველთვის მოხარული ვიქნები აქ სტუმრობით
ვუსურვებ ასურეთის მოსახლეობას წარმატებებსა და განვითარებას, ყოველთვის მოხარული ვიქნები აქ სტუმრობით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
ელჩმა ასურეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად, გერმანული დასახლება დაათვალიერა, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.
„ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია დღევანდელი დღე. პრემიერ-მინისტრთან და ქალბატონ ვიცე-პრემიერთან ერთად აქ ვიმყოფები და ვხედავ რესტავრირებულ უბანს. ეს არის ჩვენი საერთო ისტორია და საფუძველი, რომ ეს ადგილი განვითარდეს ეკონომიკურად. ვუსურვებ ასურეთის მოსახლეობას წარმატებებსა და განვითარებას. ყოველთვის მოხარული ვიქნები ამ ადგილზე სტუმრობით“, – განაცხადა ელჩმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
„შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიას (კირხეს), სამ საცხოვრებელ სახლსა და ძველ გერმანულ სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო გარე განათება, პირვანდელი იერსახით აღდგა ღობეები და ჭიშკრები. ჩატარდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, აშენდა გამწმენდი ნაგებობა.
პროექტის მიზანია, ასურეთის ისტორიულ დასახლებაში, შენარჩუნდეს გერმანული კოლონიებისთვის დამახასიათებელი განაშენიანება და ისტორიული დასახლება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის. გერმანული სოფლის რეაბილიტაციას ჯამში ექვს მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.