ჰუბერტ ქნირში - შეშფოთებული ვარ, რომ ვხედავ განსხვავებულ მოსაზრებებს მოსამართლეთა დანიშვნაზე, შარლ მიშელის შეთანხმება უნდა შესრულდეს ყოვლისმომცველად, თანამშრომლობის სულისკვეთებით
ახალი მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მნიშვნელოვანია კონსულტაციების გამართვა ყველასთან, იმის უზრუნველყოფა, რომ პროცესი ემსახურება სასამართლო სისტემისადმი ნდობის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისადმი ნდობის გაძლიერება.
„მე ძალიან ვწუხვარ და შეშფოთებული ვარ, რომ ვხედავ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერ პარტიებს შორის განსხვავებულ მოსაზრებებს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. შარლ მიშელის შეთანხმება უნდა შესრულდეს ყოვლისმომცველად და თანამშრომლობის სულისკვეთებით. სასამართლო სისტემა არის ძალიან დელიკატური საკითხი. უკიდურესად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისადმი ხალხის ნდობის გაძლიერება. შესაბამისად, ახალი მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მნიშვნელოვანია კონსულტაციების გამართვა ყველასთან და იმის უზრუნველყოფა, რომ მთელი პროცესი ემსახურება სასამართლო სისტემისადმი ნდობის გაძლიერებას“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.