საქართველოს მიმართ არის მოლოდინი და არის ნდობა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„მე როგორც ვიცი, წარმომადგენლობითმა ორგანომ მიმართა ამერიკის მთავრობას, რომ მათ აცნობონ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. ამას ვაკეთებთ ჩვენ გერმანიაშიც. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში განვითარებას, უფრო მეტ დემოკრატიულ, მეტად საბაზრო-ეკონომიკურ განვითარებას და ხელს ვუწყობთ ამ განვითარებას. ხელს ვუწყობდით შევარდნაძის პერიოდშიც, ხელს ვუწყობდით სააკაშვილის მთავრობის პერიოდშიც და რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც. რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ არის მოლოდინი და რასაკვირველია, არის ნდობა“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საგარეო ოპერაციების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოსთვის 132 025 000 დოლარით დაფინანსებას ითვალისწინებს. ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.