ჰუბერტ ქნირში - ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც ვინმე ითხოვს საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკური პატიმრები არიან ბელარუსში
ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც ვინმე ითხოვს საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკური პატიმრები არიან ახლა ბელარუსში, ვინც ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა პოლიტიკურ პატიმრად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.
გადაცემაში საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხო.
როგორც ჰუბერტ ქნრიშმა აღნიშნა, ევროკავშირის პოზიციაა, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში.
„ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თვითონ ევროკავშირის პოზიცია არის, რომ პარტიებმა, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში და აქ საუბარი არ არის ახალ არჩევნებზე. ასევე, ახსენეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება; ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც ვინმე ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ვხედავ, რომ საქართველოში არის უნდობლობა სასამართლოს მიმართ. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ სასამართლო არ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და აქ შეიძლება იყოს, პოლიტიკური ზეგავლენა. მხოლოდ მაშინ, როდესაც განხორციელდება ისეთი რეფორმები, რომ სასამართლოს შეეძლება, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ამან მოიპოვოს ნდობა მოსახლეობაში, ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი და დემოკრატიისთვის მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი რამ. როგორ გაკეთდება ეს, ძალიან რთული საკითხია, დეტალები განსახილველია, მაგრამ არ შეიძლება, პარტიები დასხდნენ და იმსჯელონ – „ეს უნდა გამოვუშვათ და ეს უნდა ჩავსვათ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
ელჩმა აქვე უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, „თავად თუ თვლის, რომ პოლიტპატიმრებს ვისაც უწოდებენ, ისინი პოლიტპატიმრები არიან“. კითხვა უკავშირდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხს, კერძოდ, „უნდა აეღო თუ არა მას პასუხისმგებლობა სამაჯურის გადაგდებისთვის და იგივე რომ ნიკოლა სარკოზიმ გააკეთოს, მოსთხოვენ თუ არა მას პასუხს“.
„პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის სასამართლოს პოლიტიზება. არ შეიძლება, პოლიტიკოსი პრივილეგირებული და გათავისუფლებული იყოს პასუხისმგებლობისგან. თვითონ ტერმინთან „პოლიტიკური პატიმარი“ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაგალითად, პოლიტიკური პატიმრები არიან ახლა ბელარუსში. ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა. არის მთელი რიგი სახელებისა, ვინც პოლიტიკურ პატიმრად აღიარა. ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა კითხვის პასუხად.