ჰუბერტ ქნირში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის კომპეტენტური ინსტიტუტი, ამაყი ვარ თანამშრომლობით
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესანიშნავი ხალხი მუშაობს. მათ შორს პროფესორი გამყრელიძე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გერმანიიდან ჩამოტანილი სამედიცინო ტვირთის გადაცემას დაესწრო.
როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, გერმანიიდან ჩამოსულია ტესტების მასალა, რომელიც განკუთვნილია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის.
„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა ტესტების მასალა გერმანიიდან. ეს ტესტების მასალა განკუთვნილია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის. აქ შესანიშნავი ხალხი მუშაობს. მათ შორის პროფესორი გამყრელიძე. გერმანიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია კრიზისის დროს. ეს არის ტესტების მასალის მეოთხე პარტია. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ კომპეტენტურ ინსტიტუტთან, როგორიც გახლავთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
გერმანულმა ინსტიტუტმა გამოაგზავნა არა ტესტები, არამედ მასალა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიყენებს ტესტების დასამზადებლად. ეს არის კომპეტენტური ინსტიტუტი, რომელსაც ეს შეუძლია და ამაყი ვარ, ვიხილო საქართველოს და გერმანიის თანამშრომლობა“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
სამედიცინო ტვირთის გადმოცემას ასევე, ესწრებოდა დააბადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.