ჰუბერტ ქნირში - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, წლევანდელი კამპანია ბევრად უკეთესად დაიწყო
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, წლევანდელი კამპანია ბევრად უკეთესად დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „საარჩევნო კომპასი საქართველოსა“ და Partiebi.Ge-ს პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია. მიუხედავად წარსული გამოცდილებისა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, რომელიც ორი წლის წინ გაიმართა, ეს კამპანია ბევრად უკეთესად დაიწყო. ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა ფაქტორს, რაც არჩევნებს ართულებს, მათ შორის, „კოვიდ-19“-ის პანდემიას, რაც ხელს უშლის პარტიებს ამომრჩევრლთან შეხვედრაში და კამპანიის ჩატარებაში. მაგრამ მე პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ ძალადობრივ შემთხვევებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან. ეს კი ნამდვილად შემაშფოთებელია“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
მისივე თქმით, ყურადღებით აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„მე ყველა საარჩევნო უბნიდან გავრცელებულ ინფორმაციას ვაკვირდები. განსაკუთრებით კამპანიებს მაჟორიტარული მანდატების გარშემო სხვადასხვა რეგიონში და აქ, თბილისშიც. ჩვენ გვესმის, რომ პარტიის აქტივისტებს სცემეს, ვანდალიზმის შემთხვევებია პარტიების ოფისებში. ასე რომ, ამ შემთხვევების საბოლოო შეფასებამდე, ცხადია, ეს წარმოადგენს შეშფოთების საგანს. პარტიებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი რათა ეს თავიდან აიცილონ“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.
მისი თქმით, ყველა პარტიამ უნდა თქვას უარი ძალადობის მხარდაჭერაზე.
„პარტიებმა ცოტა ხნის წინ მოაწერეს ხელი ქცევის წესებს, რათა საარჩევნო კამპანიის პერიოდში მოერიდონ სიძულვილის ენასა და ძალადობას. ყველა პარტიამ უნდა თქვას უარი ძალადობის მხარდაჭერაზე. ეს უნდა განუმარტონ ყველა აქტივისტს“, – დასძინა ჰუბერტ ქნირშმა.