ჰონგ-კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი - საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს აზიაში
ჰონგ-კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი - საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს აზიაში

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის სასარგებლო, ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ჰონგ-კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაო თენგ ვამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ეკონომიკები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან. ჩვენ ვართ აზიის დიდი კონტინენტის კიდეში, ხოლო საქართველო ევრაზიის რეგიონია. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა და რწმენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკების განვითარებას, არამედ მსოფლიოსაც“, – განაცხადა ჰონგ-კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა.

ედვარდ იაო თენგ ვას განცხადებით, ჰონგ-კონგში ადამიანებმა შეიძლება ბევრი რამ არ იცოდნენ საქართველოს შესახებ.

„მიმაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს პროცესს, რომ ჰონგ-კონგი ევრაზიაში მნიშვნელოვნად იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს – აზიაში“.

„სულ ახლახანს გადავხედე Heritage Foundation-ის ინდექსს. ამ შეფასებით ჰონგ-კონგი უკვე 24 წელია პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველო ამ რეიტინგში მე-16 პოზიციაზე 180 ქვეყანას შორის. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია“, – განაცხადა ჰონგ-კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ედვარდ იაო თენგ ვამ ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა.

„ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისთვის, რომლებსაც მომავალში გავაფორმებთ. ამგვარი ხელშეკრულებები უაღრესად მნიშვნელოვანია გლობალური სავაჭრო სისტემის პირობებში, სადაც პოტენციალი ულევია. შეთანხმების მაღალი სტანდარტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვჯერა ამ სავაჭრო პოტენციალის. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ჯერ ევრაზიის, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ამ ხელშეკრულების ხელმოწერით იწყება ჩვენი ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც ორივე ქვეყნის ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს“, – განაცხადა ჰონგ-კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა.

საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 28 ივნისს, ჰონგ-კონგში „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა.