ჰონგ კონგის ბირჟის მფლობელმა კომპანიამ ლონდონის ბირჟის შესყიდვის სურვილი გამოთქვა და ლონდონს ოფიციალური განაცხადით დღეს მიმართა. განაცხადის მიხედვით, ჰონგ კონგი მზად არის, გარიგებაში 32 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბიბისიმ“ გაავრცელა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლონდონის ბირჟის აქციების ფასი 15 პროცენტით გაიზარდა, თუმცა მალე საწყის ნიშნულს დაუბრუნდა, რასაც ანალიტიკოსები იმით ხსნიან, რომ ინვესტორებს აღნიშნული გარიგების ნაკლებად სჯერათ.
ჰონგ კონგის განცხადების მიხედვით, თუ გარიგება შედგა, ევროპისა და აზიის ორი უმსხვილესი ფინანსური ცენტრის დაკავშირება მოხდება. თუმცა, ჰონგ კონგის წინადადება ძალაში იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ლონდონის ბირჟა უარს იტყვის კომპანია „რეფინიტივის“ (Refinitiv) შესყიდვაზე, რომელიც ფინანსური ბაზრებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ არსებული მონაცემთა ბაზების გლობალური მიმწოდებელია. აღნიშნულ კომპანიას ბრიტანული „ტომსონ როიტერი“ (Thomson Reuters) და ამერიკული მულტინაციონალური ფინანსური სერვისების მიმწოდებელი კომპანია „ბლაქსტოუნი“ (Blackstone) ფლობენ და ლონდონის ბირჟამ უკვე აღნიშნა, რომ ამ გარიგებაზე უარის თქმას არ გეგმავს.
ლონდონის ბირჟა ადასტურებს, რომ ჰონგ კონგის ბირჟისგან ნამდვილად მიიღო გარიგების შეთავაზება და უახლოეს მომავალში შესაბამის განცხადებასაც გაავრცელებს.
აღნიშნულ გარიგებას ჰონგ კონგის მთავრობამ უკვე ღიად დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ ჰონგ კონგის ბირჟა საერთაშორისო ბაზარზე გავა.
ოფიციალური ლონდონი კი, ჯერჯერობით დუმს. ბრიტანელი ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნულ წინადადებას სკეპტიკურად უყურებს, რადგან ბრიტანეთის მთავრობა, დიდი ალბათობით, არ მოინდომებს, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სექტორის სიმბოლო და სტრატეგიული ობიექტი უცხოელს, თანაც ჩინეთთან ასოცირებულ ინვესტორს გადასცეს.
სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ლონდონის ბირჟას დიდი ხანია, აზიის ბაზარზე პოზიციონირების სურვილი აქვს და ახლახან ჰონგ კონგის მეტოქეს, შანხაის ბირჟასთან თანამშრომლობა დაიწყო. სააგენტო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჰონგ კონგის წინადადება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფონზე შედგა, რაც ბრიტანეთში გარკვეულ შიშებს აჩენს, რომ ლონდონის ფინანსური ცენტრის სტატუსი შესაძლოა, შესუსტდეს.
მეორეს მხრივ, სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჰონგ კონგის ბირჟის შეთავაზება ჰონგ კონგში მიმდინარე პოლიტიკური არეულობის ფონზე შედგა, სადაც დემოკრატიული ძალები უკვე მეოთხე თვეა, პროტესტს გამოთქვამენ და გასულ შაბათს პოლიციასთან შეტაკებაც მოხდა, რის შედეგადაც ბირჟა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, ლონდონის ბირჟის შეძენით ჰონგ კონგს ჩინეთის ბაზრისგან დაშორება და ბაზრების დივერსიფიკაცია სურს.
ლონდონის ბირჟის შესყიდვა 2017 წელს გერმანიის უმსხვილესმა ფინანსურმა პლატფორმამ ფრანკფურტის ბირჟამაც სცადა, მაგრამ გარიგება ევროკომისიამ დაბლოკა. მარეგულირებელმა ევროპის ბაზარზე მონოპოლისტის წარმოშობის საფრთხე დაინახა. თუმცა ჰონგ კონგი მიიჩნევს, რომ მარეგულირებელი მის შეთავაზებას ამ კუთხით ვერ დაიწუნებს.