არჩილ გაჩეჩილაძე - ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის კლება ივნისის მოვლენებს და ლარის სისუსტეს უკავშირდება
არჩილ გაჩეჩილაძე - ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის კლება ივნისის მოვლენებს და ლარის სისუსტეს უკავშირდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის კლების ერთ-ერთი მიზეზი ივნისის მოვლენები და ლარის სისუსტეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა. არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

„ასევე ინვესტორებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, თუ რას უნდა ელოდონ ახალი რეგულაციების კუთხით და ამ მიმართულებით გამჭვირვალობისთვის მეტი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იმოქმედა თუ არა ქართული კომპანიების აქციების ფასზე „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა.

„ყოველ შემთხვევაში, დადებითად არ უმოქმედია“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზენტაციას დაესწრო, სადაც საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე იყო საუბარი.

„საქართველო ბევრი კუთხით არის მოწინავე. ხაზგასმული იყო, რომ ფინანსებთან წვდომა, რომელიც მთელ რეგიონში პრობლემაა, საქართველოსთვის ნაკლები პრობლემაა. ასევე, საბანკო სესხების ხარისხის კუთხით ვართ მოწინავე ქვეყანა მთელს რეგიონში.  რა თქმა უნდა, პრობლემა არის მაღალი ინფლაცია,რომელთან დაკავშირებითაც იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ 2020 წლის ბოლომდე ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს.