ჰონგ-კონგი ადასტურებს, რომ ძაღლს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა — გადადება, სავარაუდოდ, ადამიანისგან მოხდა
ჰონგ-კონგის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ძაღლს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა და ცხოველის დაავადება, სავარაუდოდ, ადამიანისგან გადაედო.
60 წლის ქალის კუთვნილ ძაღლს რამდენიმე დღის წინ ახალ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა „სუსტად დადებითი“ პასუხი უჩვენა.
ჰონგ-კონგის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და კონსერვაციის დეპარტამენტის განცხადებით, განმეორებითმა ტესტებმა აჩვენა, რომ პომერანულ შპიცს ინფექციის დაბალი დონე აქვს.
უწყების განცხადებით, უნივერსიტეტებისა და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ დიდი ალბათობით, ვირუსი ძაღლს ადამიანისგან გადაედო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძაღლს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.
ჰონგ-კონგის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა ძაღლი 14-დღიან კარანტინს უნდა დაექვემდებაროს. ამ დროისათვის, იზოლაციაში სულ ორი ძაღლი იმყოფება.
კარანტინში მყოფი მეორე ძაღლი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ეკუთვნის. პირველმა ტესტმა ძაღლს უარყოფითი პასუხი უჩვენა, თუმცა, კარანტინის დატოვებამდე მისი შემოწმება კვლავ მოხდება.
ჰონგ-კონგის შესაბამისი უწყებების ცნობით, პომერანულ შპიცზე ახლო დაკვირვებები გაგრძელდება და ის პატრონს მაშინ დაუბრუნდება, როდესაც დაავადებაზე ჩატარებული ტესტები უარყოფით პასუხს დააფიქსირებს.
„შინაური ცხოველების პატრონებმა უნდა იზრუნონ მათ ჰიგიენაზე და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვონ თავიანთი ცხოველები“, — განაცხადა ჰონგ-კონგის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და კონსერვაციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ჰონგ-კონგში ადამიანებში ახალი კორონავირუსის 104 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი მარტის დასაწყისში გარდაიცვალა.
მომზადებულია Agence France-Press-ის მიხედვით.