ჰოლანდიის ხელისუფლების მიერ რუსი დიპლომატების კიბერთავდასხმის მცდელობაში დადანაშაულებას მოსკოვი „ჯაშუშომანიად“ აფასებს
ჰოლანდიის ხელისუფლების მიერ რუსი დიპლომატების კიბერთავდასხმის მცდელობაში დადანაშაულებას მოსკოვი „ჯაშუშომანიად“ აფასებს

ჰოლანდიის ხელისუფლების მიერ რუსი დიპლომატების კიბერთავდასხმის მცდელობაში დადანაშაულებას მოსკოვი „ჯაშუშომანიად“ აფასებს.

„ჰოლანდიური მხარის მიერ გაჩაღებული ანტირუსული ჯაშუშომანიის კამპანია თითქოსდა განხორციელებულ კიბერთავდასხმებზე, რომელსაც თან ახლავს მედიაში ინფორმაციის მიზანმიმართული “გაჟონვები”, სერიოზულ ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს“, – აცხადებენ რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ნიდერლანდების უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნიდან აპრილში ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა. როგორც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, ანკ ბეილეველდმა განაცხადა, დიპლომატების გაძევების მიზეზი რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს მხრიდან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) წინააღმდეგ განხორციელებული კიბეროპერაცია გახდა.

ორგანიზაცია, რომლის შტაბბინა ჰააგაშია განთავსებული, სოლსბერიში ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს იძიებდა.

ნიდერლანდების ხელისუფლების თქმით, კიბერთავდასხმის მცდელობა ნიდერლანდების სპეცსამსახურებმა დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან თანამშრომლობით აღკვეთეს.

ნიდერლანდების ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეში ოთხ ეჭვმიტანილს დიპლომატიური პასპორტები ჰქონდა და მათ შორის იყვნენ IT-სპეციალისტები.