„ჰიუმან რაითს ვოჩი“ - უცხოეთის აგენტების შესახებ კანონები ევროპასა და შუა აზიაში ვრცელდება მაშინ, როდესაც ევროკავშირი ყოყმანობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას
„ჰიუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონები ევროპასა და შუა აზიაში ვრცელდება მაშინ, როდესაც ევროკავშირი ყოყმანობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.
როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების ახალ ტალღას წინ უსწრებდა 2023 წლის დეკემბერში ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადება „ინტერესთან წარმომადგენლობის გამჭვირვალობის“ შესახებ, რაც გულისხმობს უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნას.
„ევროპული სამოქალაქო საზოგადოება მკაცრად ეწინააღმდეგება ამ წინადადებას, რადგანაც ეს აჩენს საფრთხეს, შეზღუდოს სივრცე დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის ევროკავშირში და შეასუსტოს ნდობა ევროკავშირისადმი, როდესაც ის ეწინააღმდეგება ასეთ კანონებს საზღვარგარეთ. მიუხედავად ამისა, ევროკომისიამ წინ წაიწია. ამავე დღეს, როდესაც ეს წინადადება ევროკავშირში მიიღეს, უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მთავრობის მიერ კონტროლირებად ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, ებრძოლოს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. როდესაც სამოქალაქო საზოგადოება საფრთხის ქვეშაა მთელ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, რომელიც სიტყვითა და ქმედებით იცავს სამოქალაქო სივრცეს და სწორ სტანდარტებს აწესებს“, – ნათქვამია „ჰიუმან რაით ვოჩის“ განცხადებაში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ეხმაურება საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ სადავო კანონის ხელახლა წარდგენის გეგმას.
„თუ კანონი, რომელიც შარშან მასობრივი პროტესტის ფონზე უკან გაიწვიეს, დაამტკიცეს, უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს მოეთხოვებათ „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ დარეგისტრირება. ეს მათ დამატებით კონტროლსა და სანქციებს დაუქვემდებარებს, რაც მოიცავს სისხლის სამართლებრივ სასჯელს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს კანონი ხელს შეუწყობს „გამჭვირვალობას“, მაგრამ მათი განცხადებები ცხადყოფს, რომ კანონი გამოყენებული იქნება კრიტიკული ხმების სტიგმატიზაციისა და დასჯისთვის. საქართველოს 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ გაგებით, რომ ის სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას გააუმჯობესებდა. ეს ნაბიჯი აჩენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის საფრთხეს, მაშინაც კი, როდესაც ევროკავშირი ამ დრომდე იყო მზად, წინ წაეწია საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მიუხედავად ევროკავშირის მიერ დაწესებული პრიორიტეტების შესრულებაში შეზღუდული პროგრესისა“, – ნათქვამია განცხადებაში.