ჰიმალაის მყინვარები 65%-ით სწრაფად დნება, ვიდრე 10 წლის წინ — #1tvმეცნიერება
ჰიმალაის მყინვარები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორ მილიარდამდე ადამიანის წყალმომარაგებისთვის. კლიმატის ცვლილების გამო, ახლა ისინი იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე ოდესმე. მეცნიერთა განცხადებით, ეს არაპროგნოზირებადი კატასტროფების რისკს ქმნის.
მთის ინტეგრირებული განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICIMOD) მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, 2011-2020 წლებში მყინვარები 65 პროცენტით უფრო სწრაფად გაქრა, ვიდრე წინა ათწლეულში.
„დათბობასთან ერთად, ყინული დნება, რაც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ სრულიად მოულოდნელი და შემაშფოთებელია დნობის სიჩქარე. ეს იმაზე გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე წარმოვიდგენდით“, — ამბობს კვლევის ავტორი ფილიპუს ვესტერი.
ჰიმალაების ჰინდუქუშის რეგიონში, მყინვარები წყლის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყაროა ამ მთიანი რეგიონების დაახლოებით 240 მილიონი მცხოვრებისთვის და დაბლა, მდინარეების ხეობებში მცხოვრები 1,65 მილიარდი ადამიანისთვის.
ემისიების ამჟამინდელი მიმართულებების მიხედვით, საუკუნის მიწურულისთვის მყინვარებმა შეიძლება ამჟამინდელი მოცულობის 80 პროცენტი დაკარგონ. ამის შესახებ ICIMOD-ი იუწყება, ნეპალში ბაზირებული მთავრობათშორისი ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ასევე არიან ავღანეთი, ბანგლადეში, ბჰუტანი, ჩინეთი, ინდოეთი, მიანმარი და პაკისტანი.
მყინვარები კვებავს მსოფლიოს 10 ყველაზე მნიშვნელოვან მდინარის სისტემას, მათ შორის განგს, ინდს, ხუანხეს, მეკონგს და ირავადის; ასევე, პირდაპირ ან ირინად ამარაგებს მილიარდობით ადამიანს საკვებით, ენერგიით, სუფთა ჰაერითა და შემოსავლით.
„აზიაში ორი მილიარდი ადამიანია დამოკიდებული მყინვარებისა და თოვლის წყალზე; კრიოსფეროს (გაყინული ზონა) დაკარგვის შედეგები ზედმეტად დიდია დასაფიქრებლად“, — ამბობს ICIMOD-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იზაბელა კოზიელი.
მოხსენების მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ დავუშვებთ, რომ გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ინდუსტრიალიზებამდელ პერიოდთან შედარებით 1,5 – 2 გრადუს ცელსიუსზე მეტით მოიმატოს, რაც პარიზის კლიმატური შეთანხმების მიზანია, 2100 წლისთვის მყინვარები მაინც დაკარგავენ ამჟამინდელი მოცულობის მესამედიდან ნახევრამდე.
„მოხსენება ხაზს უსვამს გადაუდებელი კლიმატური მოქმედების აუცილებლობას. ყოველ მცირე ნამატს უზარმაზარი გავლენა ექნება და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მუშაობა კლიმატის შესამსუბუქებლად“, — ამბობს ვესტერი.
მისივე განცხადებით, გაუმჯობესებული ტექნოლოგიები და მაღალი რეზოლუციის თანამგზავრული მასალა პროგნოზების უფრო დიდი სიზუსტით გაკეთების საშუალებას იძლევა.
მე-19 საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ, მსოფლიო საშუალოდ 1,2 °C-ით გათბა, რაც ექსტრემალური ამინდის მთელ კასკადს იწვევს, მათ შორის უფრო ძლიერ სითბურ ტალღებს, უფრო ძლიერ გვალვებს, ზღვის დონის აწევას და უფრო მძვინვარე შტორმებს.
ყველაზე ძლიერ დარტყმას ყველაზე მეტად მოწყვლადი ადამიანები და მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნები იღებენ, რომლებსაც ძალიან მცირე წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილებაში დამნაშავე წიაღისეული საწვავის წვაში.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.