ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დიდი ბრიტანეთის მთავრობას აკრიტიკებს.
როგორც ჰილარი კლინტონი „ბიბისისთან“ ინტერვიუში აცხადებს, „სამარცხვინოა, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება, რუსეთის ბრიტანულ პოლიტიკაში ჩარევის შესახებ ანგარიშს, რიგგარეშე არჩევნებამდე არ აქვეყნებს“.
„ყველა ამომრჩეველი იმსახურებს, რომ ეს ანგარიში არჩევნებამდე წაიკითხოს“ – განაცხადა კლინტონმა.
ანგარიში, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი საუბრობს, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის სადაზვერვო და უსაფრთხოების კომიტეტმა მოამზადა.
„სანდეი თაიმსის“ ცნობით, ანგარიშში საუბარია სულ მცირე ცხრა რუს ბიზნესმენზე, რომლებიც ძირითადად მმართველ კონსერვატიულ პარტიას აფინანსებდნენ.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ანგარიშში დასახელებულია მტკიცებულებები, რომ ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა 2016 წლის რეფერენდუმსა და 2017 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და შედეგზე ზეგავლენის მცდელობა გამოავლინეს.
დოკუმენტზე მუშაობა მარტში დასრულდა და 17 ოქტომბერს მთავრობას გადაეგზავნა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დოკუმენტის არჩევნებამდე გამოქვეყნების წინააღმდეგია, რის გამოც ოპონენტები ბორის ჯონსონს ამომრჩევლებისთვის სიმართლის დამალვაში ადანაშაულებენ.