ჰერმან საბო - „ლელოს“ გარშემო, შეიძლება, ზურაბ ჯაფარიძე და „დროა“ გაერთიანდნენ, ეს ჭორის დონეზეა, თუმცა აჯაფსანდალი იქნება, სხვადასხვა ხალხია, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ
ჰერმან საბო - „ლელოს“ გარშემო, შეიძლება, ზურაბ ჯაფარიძე და „დროა“ გაერთიანდნენ, ეს ჭორის დონეზეა, თუმცა აჯაფსანდალი იქნება, სხვადასხვა ხალხია, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ

იდეოლოგიური წებო რადგან არ კრავთ, მგონია, რომ არჩევნებამდე დაიშლება ასეთი გაერთიანებები, – ასე უპასუხა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა პროცესები მიმდინარეობს ახლა ოპოზიციურ ფლანგზე, ეს არის იდეოლოგიური ერთობა პოლიტიკური ღირებულებების გარშემო თუ ტექნიკური გაერთიანებები 5 %-იანი საარჩევნო ბარიერის დასაძლევად?

„ხან წინასაარჩევნოდ იციან უცებ შემოგდება რაღაც გაერთიანების, თავიანთი ამომრჩევლის გაკვირვება და ხან ასე ერთი წლით ადრე დაანონსება, რაც მეტისმეტად ადრეა. რახან მათ იდეოლოგიური წებო არ კრავთ, მგონია, რომ არჩევნებამდე დაიშლება კიდეც ასეთი გაერთიანებები“, – განაცხადა საბომ.

მისი თქმით, ის, რასაც საზოგადოება ხედავს, რესურსების გარშემო გაერთიანებაა.

„მათ შორის, ერთი გაერთიანება, რომელიც ვნახეთ და მეორეც, რომელსაც ვარაუდობენ „ლელოს“ გარშემო. იქ ვნახავთ ადამიანებს, რომლებსაც არათუ საერთო იდეები აქვთ, არამედ არ მოსწონთ ერთმანეთი და ერთმანეთისთვის ისეთები უკადრებიათ, მეტი რომ არ შეიძლება. მაგალითად, „ლელოს“ გაერთიანებაში ჭორის დონეზე მოიაზრებიან ძალიან მემარჯვენეებიც, „ლელოში“ ვიღაც მემარცხენეებიც ჰყავთ, ცენტრისტებიც და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არც მათ მემარჯვენეობა-მემარცხენეობას აქვს შინაარსი და უბრალოდ ეს არის – მოდით, რამენაირად დავანახოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ერთიანი ვართ. „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ჯერჯერობით ბატონი ვაშაძე გაერთიანდა და ხომ გვახსოვს, ერთმანეთზე რა ცუდი რაღაცები უთქვამთ? „ლელოს“ გარშემოც საუბრების დონეზე, შეიძლება, ჩვენგან წასული ზურაბ ჯაფარიძე და მისი მეგობრები გაერთიანდნენ; შეიძლება, „დროაზეც“ იყოს საუბარი. ჯერჯერობით, ეს ყველაფერი ჭორის დონეზეა, თუმცა მეორე გაერთიანება თუ იქნება, ეს იქნება „ლელოს“ გარშემო და მართლა ისეთი აჯაფსანდალი იქნება, იმდენი სხვადასხვა ხალხი, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ, რომ ასეთ გაერთიანებას სხვა ვერაფერ ახსნას ვერ ვუძებნი, გარდა იმისა, რომ რესურსების გარშემო ხდება გაერთიანება“, – განაცხადა საბომ.

მისი თქმით, ასეთი გაერთიანებები „გირჩისთვის“ ძალიან კარგია.

„მაგალითად, ვაშაძე-„ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ავიღოთ – როცა ვაშაძე ცალკე იყო, რა თქმა უნდა, ის პარაზიტირებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველზეც. იმ ხალხზე, რომლებსაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გული ოდნავ აუცრუვდა, მაგრამ მაინც იქით იყო, თუმცა მისი ამომრჩევლის რაღაც ნაწილი შეიძლება, ყოფილიყო ე. წ შუაშისტი ამომრჩეველი, რომელმაც ჩათვალა, რომ ვაშაძემ „ნაცობა“ ჩამოირეცხა და შუაში რაღაც მესამე მიმართულებას აწვება. ახლა კი, როდესაც ის თავის ძველ პარტიას გაუერთიანდა და დედასტრუქტურაში დაბრუნდა, ამ ხალხს, რომელიც პოლიტიკურად აქტიურია, არჩევნებზე მიდის და ვაშაძეზე ფიქრობდა, ველი მოუსუფთავდა. ჩვენ მეტი საშუალება გვექნება, ისინი ჩვენს მხარდაჭერაში დავარწმუნოთ“, – განაცხადა საბომ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „გირჩი“ ამ გაერთიანებების შემოთავაზებას არცერთ შემთხვევაში არ მიიღებს, თუ ასეთს ადგილი ექნება, ჰერმან საბომ განაცხადა, რომ „გირჩისთვის“ გაერთიანება პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაერთიანებაა და სწორედ ამ განწყობის გამო ბუნებრივად მოხდა, რომ „გირჩისთვის“ არავის დაუძახია.

„ერთი მხრივ, რაღაცნაირი კომპლექსი კი გვაქვს ბურჭულაძის გაერთიანების შემდეგ, ეს ნახევრად ხუმრობით, და, ზოგადად, არ გვიყვარს გაერთიანებები, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის გაერთიანება პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ის არის ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, უბრალოდ, ჩვენ გვინდა კარგი საქართველო, სადაც ყველა კარგად იცხოვრებს, ასეთ დონეზე და სადღეგრძელოებზე კი არ არის, კონკრეტიკაზეა“, – განაცხადა საბომ.

ამასთან, როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, „გირჩი“ თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან ნებისმიერ პარტიასთან შეძლებს იმაზე შეთანხმებას, რომ „გირჩისთვის“ მნიშვნელოვან, მინიმუმ, ერთ საკითხზე მაინც მოხერხდეს საერთოს პოვნა, პარტიამ შეიძლება, გაერთიანება – ნაკლებად, მაგრამ წინასაარჩევნოდ რაღაც კოორდინაცია სცადოს.

მისი თქმით, „გირჩის“ ღია სიას დაწერენ არა პოლიტიკოსები, არამედ ამომრჩევლები, ე.წ აქციონერები.

„არის ჩვენი ფეისბუქჯგუფი, სადაც მთავარი აქტიურობა ხდება ჩვენი. იქ არის ის ხალხი, ვისაც აქვს „გირჩის“ ე.წ აქციები, ეს ხალხი ადგენს პარტიულ სიას წინასაარჩევნოდ შიდა პრაიმერიზში. ამ პრაიმერისში ვთავაზობთ ადამიანებს შემოსვლას“, – განაცხადა ჰერმან საბომ.