ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, საუდის არაბეთი ირანის მტრად წარმოჩენას რეგიონში საკუთარი წარუმატებლობის გადასაფარად ცდილობს.
ჰასან როუჰანის თქმით, საუდის არაბეთი ყატარში, ერაყში, სირიაში და, ბოლო დროს, ლიბანშიც დამარცხდა.
საუდის არაბეთის სუნიტური მუსლიმური სამეფო და შიიტური ირანი რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებში, ომებსა თუ პოლიტიკურ კრიზისებში ყოველთვის მოწინააღმდეგე მხარეების უკან დგანან.
გასულ კვირას, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის ახლო აღმოსავლეთის ახალი ჰიტლერი უწოდა. ამან პოლიტიკური კრიზისი ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაამწვავა და ე.წ. სიტყვების ომი წამოიწყო.
დაძაბულობას ხელი შეუწყო გადადგომის შესახებ ლიბანის პრემიერის განცხადებამაც, რომელიც მან ერ-რიადიდან გააკეთა. საად ჰარირიმ მაშინ ქვეყანაში არეულობაში ბრალი ირანსა და „ჰეზბოლას“ დასდო და აღნიშნა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.