ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თანამდებობიდან საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად გადადგა
ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თანამდებობიდან საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად გადადგა

ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საად ჰარირი, რომელიც ამჟამად ერ-რიადში იმყოფება, ამბობს, რომ თანამდებობიდან საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, თავისი ნებით გადადგა და შინ უახლოეს დღეებში აპირებს დაბრუნებას.

ერ-რიადში Future TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჰარირი აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთში ის მისი სურვილის წინააღმდეგ არ რჩება და ლიბანში გამგზავრებას არავინ უშლის.

მანამდე, ლიბანის პრეზიდენტი და არაერთი ოფიციალური პირი აცხადებდნენ, რომ ყოფილი პრემიერი საუდის არაბეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. ზოგიერთის თქმით კი, ჰარირიმ პოსტის დატოვების მითითებაც ერ-რიადიდან მიიღო.

გადადგომის შემდეგ, სიცოცხლის მოსპობის მუქარაში საად ჰარირიმ ბრალი ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ დასდო, რომელსაც ზურგს ირანი უმაგრებს.

ჰარირის კომენტარს ერ-რიადთან დაკავშირებულ ეჭვებზე რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდნენ. სუნიტი ლიდერი და ბიზნესმენი ლიბანის პრემიერის პოსტზე 2016 წლის ნოემბერში წარადგინეს.