ჰამშიკმა მარადონას გაასწრო და „ნაპოლის“ ყველა დროის გოლეადორი გახდა (ვიდეო)
“ნაპოლის” ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა თავი გამოიჩინა სერია A-ს მე-18 ტურში “სამპდორიას” წინააღმდეგ, რითაც 30 წლის სლოვაკს ნეაპოლური კლუბის რიგებში 116 გოლი დაუგროვდა და “ნაპოლის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რაც მთავარია, ჰამშიკმა ლეგენდარული არგენტინელის დიეგო მარადონას რეკორდი დაამხო.
ამ ორი ფეხბურთელის გარდა, “ნაპოლის” კიდევ სამ მოთამაშეს გაუტანია 100-ზე მეტი გოლი – ატილა სალუსტროს (108), ედინსონ კავანის (104) და ანტონიო ვოიაკს (103).
ჰამშიკი “ნაპოლიში” 2007 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და სამი გოლითა და ორი შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს.
“ნაპოლიმ” მოახერხა “სამპდორიას” დამარცხება – 3:2 და ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს ლიდერობას 18 ტურის შემდეგ. ჰამშიკის გარდა, ნეაპოლელთა რიგებში გოლები გაიტანეს ალანმა და ინსინიემ.
“ნაპოლი” ათი კაცით ასრულებდა შეხვედრას – 77-ე წუთზე რუი გააძევეს მოედნიდან.
“ნაპოლიმ” 45 ქულა დააგროვა და მიუწვდომელია “იუვენტუსისთვის“, რომელიც თავის შეხვედრას მოგვიანებით ჩაატარებს.
აღსანიშნავია, “ინტერის” ზედიზედ მეორე წაგება – მილანელები 0:1 დამარცხდნენ “სასუოლოსთან” და 5 ქულით ჩამორჩნენ “ნაპოლის”.
სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ლაციო-კროტონე 4:0
ჯენოა-ბენევენტო 1:0
სპალ-ტორინო 2:2
უდინეზე-ვერონა 4:0
მოგვიანებით გაიმართება ორი შეხვედრა: მილანი-ატალანტა, იუვენტუსი-რომა.