ჰამბურგის ერთ-ერთ საწყობში, მეორე დღეა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჰამბურგში, ერთ-ერთი საწყობში ხანძარს, მეორე დღეა, ვერ აქრობენ. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ხანძრისგან გამოწვეული კვამლი, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებს შეიცავდეს. ამის გამო საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით შეწყვეტილი იყო ავტომობილების მოძრაობაც.
გავრცელებული ცნობით, ცეცხლი საწყობში არსებულ რამდენიმე კონტეინერს მოედო, რომელშიც აალებადი სითხე ინახებოდა.
მეხანძრეებს ცეცხლის ზოგიერთ კერასთან მიახლოება უჭირთ. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამოწვევი მიზეზი და ზუსტი მატერიალური ზარალი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციის ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება. ხანძრის ქრობის სამუშაოებში 200-მეტი მეხანძრეა ჩართული, ასევე მობილიზებულია სპეცტექნიკაც.