ფოტოები წარმოადგენს ორი ტელესკოპის შესანიშნავად შემავსებელ შესაძლებლობებს და დედამიწიდან ხილული ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გალაქტიკის მომაჯადოებელ ხედებს. ეს გახლავთ M74 იგივე NGC 628, ასევე ცნობილი, როგორც მოჩვენება გალაქტიკა.
მოყვარული მეცნიერის, ჯუდი შმიტდის ძალისხმევის წყალობით, ვების ამ ფოტოს ივლისშიც შევავლეთ თვალი (შმიტდი საკუთარი სურვილით ამუშავებს ვების ფოტომასალას). ამჯერად, გამოსახულებამ ოფიციალური პროცესები გაიარა და ჰაბლის ახალ ფოტოსთან ერთად გამოჩნდა.
მოჩვენება გალაქტიკა ნამდვილად განსაცვიფრებელია. მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 32 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, თევზების თანავარსკვლავედის მიმართულებით და ჩვენთან მიმართებაში ისეა განლაგებული, რომ გალაქტიკურ დისკოს მთელი თავისი დიდებულებით ვხედავთ.
წარმოადგენს ე. წ. დიდი დიზაინის სპირალურ გალაქტიკას, კარგად გამოკვეთილი, ჩამოყალიბებული და მკაფიოდ ხილული სპირალური მკლავებით.
გალაქტიკები საკმაოდ ადვილად შეიძლება „აიწეწონ“ სხვა გალაქტიკებთან გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად, მაგრამ დიდი დიზაინის გალაქტიკები იდეალური სპირალური გალაქტიკებია და მათი საშუალებით შეიძლება შევისწავლოთ გალაქტიკის დინამიკა და ვარსკვლავების წარმოქმნა სპირალურ მკლავებში.
ვინაიდან ეს ორი ტელესკოპი სხვადასხვა ტალღის სიგრძეებშია ძლიერი, მათი ფოტოების შედარებით შეიძლება გავარჩიოთ მოჩვენება გალაქტიკაში მიმდინარე მოვლენათა დეტალები.
ჰაბლის ფოტო ულტრაიისფერ და ოპტიკურ ტალღის სიგრძეებშია გადაღებული. მოჩანს სქელი, ბნელი, თოკისებრი რეგიონები, რომლებშიც მკვრივად იყრის თავს მტვერი და წითლად ანათებს. ულტრაიისფერში კაშკაშად ანათებს წყალბადის უზარმაზარი ღრუბლები, რისი მიზეზიც იქ გაშმაგებით მიმდინარე ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესია.
ჰაბლი ვერც ისე კარგად ახერხებს მტვრისა და გაზის მიღმა გახედვას, რათა ვარსკვლავთა დაბადების პროცესს უფრო დეტალურად დააკვირდეს.
თუმცა, მგრძნობიარე და უმძლავრესი ინფრაწითელი ინსტრუმენტების წყალობით, ეს კარგად შეუძლია ჯეიმს ვებს.
ინფრაწითელ რადიაციას უფრო გრძელი ტალღის სიგრძე აქვს, ვიდრე ხილულ ან ულტრაიისფერ სინათლეს, რომელთა მოკლე ტალღის სიგრძეებს უფრო ადვილად ფანტავს პატარა ნაწილაკები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფრაწითელ სინათლეს უკეთესად შეუძლია გავლა მტვრიან, ღრუბლიან რეგიონებში; ჯეიმს ვებით ვხედავთ ისეთ რამეებს, რასაც უფრო მოკლე ტალღის სიგრძეებში ვერ დავინახავდით.
ამიტომ, ჰაბლი ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონების მიერ გამოყოფილ ულტრაიისფერ სინათლეზე „ნადირობს“ თავის Advanced Camera-ით. შემდეგ, ჯეიმს ვებს თავის შუა-ინფრაწითელი ინსტრუმენტით (MIRI) უფრო ღრმად შეუძლია ჰაბლის მიერ გამოვლენილ ღრუბლებში ჩახედვა.
შედეგად ვიღებთ ერთი და იგივე გალაქტიკის ორ ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებულ ხედს.
ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონებს აქამდე სხვა მძლავრი ინფრაწითელი ინსტრუმენტებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ ჯეიმს ვები ყველაზე მგრძნობიარეა, რაც კი ოდესმე ჰქონია კაცობრიობას. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ის სრულიად ახალ სინათლეს მოჰფენს ყველაფერს, რასაც კი ხედავს.
ჰაბლისა და ჯეიმს ვების ორი ახალი ფოტო მაღალი რეზოლუციით ხელმისაწვდომია მათსავე ვებგვერდებზე, აქ და აქ.