გველებს იმაზე უკეთესი სმენა აქვთ, ვიდრე წარმოგვიდგენია — #1tvმეცნიერება
გველებს იმაზე უკეთესი სმენა აქვთ, ვიდრე წარმოგვიდგენია — #1tvმეცნიერება

თუკი გაბედავთ და რომელიმე სახეობის გველთან საკმარისად ახლოს მიხვალთ, შენიშნავთ, რომ მას ყურის კვალიც კი არსად აქვს. არც ნაჩვრეტი, არც რაიმე ღარი. ამიტომ, შეიძლება შეცდომით ისიც იფიქროთ, რომ მათ ცუდი სმენა აქვთ.

„გველები ძლიერ დაუცველი, მორცხვი არსებები არიან, რომლებიც უმეტეს დროს იმალებიან და მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ვინაიდან მათ გარე ყურები არ აქვთ, ადამიანები ძირითადად ფიქრობენ, რომ ისინი ყრუები არიან და მიწიდან ტანით მხოლოდ ვიბრაციებს შეიგრძნობენ“, — ამბობს ავსტრალიის კვინსლენდის უნივერსიტეტის ტოქსინოლოგი კრისტინა ზდენეკი.

მართალია, მკვლევრებმა უკვე დიდი ხანია, იციან, რომ გველები ყრუები არ არიან, მაგრამ მიიჩნეოდა, რომ მათი სმენა შედარებით სუსტი იყო, ვიდრე სხვა შეგრძნებები, თუნდაც, გემო და მხედველობა. მაგალითად, ცნობილია, რომ ფიჭვის გველის (Pituophis melanoleucus) წიწილები უფრო მეტად ვიზუალურ სტიმულებზე რეაგირებენ, ვიდრე ხმოვანზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ არც ისე კარგი სმენა აქვთ.

თუმცა, მაინც არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ სმენა მაინც მნიშვნელოვანია მრავალი მცურავის გადარჩენისთვის, მაგალითად, მტაცებლის მოახლოების შესაგრძნობად.

19 სხვადასხვა ტიპის გველის გამოყენებით, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბინადრობენ მიწაზე, ადიან ხეებზე, ცურავენ წყალში, ზდენეკმა და მისმა კოლეგებმა 0-დან 450 ჰერცამდე ბგერები შეამოწმეს.

„ვრთავდით ხმებს, საიდანაც ერთი მიწაზე ვიბრაციებს წარმოქმნიდა, დანარჩენი ორი კი მხოლოდ ჰაერში ვრცელდებოდა. შესაბამისად, ორივე ტიპის სმენა შევამოწმეთ — შეხებით სმენა გველის მუცლის ქერცლების მეშვეობით და ჰაერიდან სმენა მათი შიდა ყურების მეშვეობით“, — განმარტავს ზდენეკი.

ჰაერში გავრცელებულ ბგერებზე გველების სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვაგვარად რეაგირებდა, მაგრამ ერთნაირად რეაგირებდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები. მკვლევართა განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბგერებზე რეაგირება მემკვიდრეობითია.

„აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ვომა პითონი (იგივე რამსეის პითონი, Aspidites ramsayi) მოძრაობდა ბგერისკენ, ხოლო ტაიპანები, ყავისფერი გველები და ჩვეულებრივი მომაკვდინებელი გველები (Acanthophis antarcticus) მას უფრო გაურბოდნენ“, — აღნიშნავს ზდენეკი.

ვომა პითონები ღამის ცხოველები არიან, სიგრძეში 2,7 მეტრამდე იზრდებიან, იწონიან 5 კილოგრამამდე და შემოწმებულთა შორის ყველაზე დიდი გველები იყვნენ; მათზე არც ისე ბევრი მტაცებელი ნადირობს და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უფრო ნაკლებად ფრთხილები არიან, ვიდრე დღისით აქტიური პატარა ტანის გველები (40 გრამიდან 2 კილოგრამამდე). ეს პითონები ნადირობენ უფრო დიდ მსხვერპლზეც — ვარანისებრ ხვლიკებზე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანები არიან, პატარა გველები ხშირად ხდებიან დღის მტაცებელთა მსხვერპლი — მტაცებელი ფრინველების, ვარანისებრი ხვლიკებისა და მიუსაფარი კატების.

„ტაიპანები (ასპიტისებრთა ოჯახის შხამიანი გველების გვარი) დაუცველია მტაცებელი ფრინველებისგან და თავადაც ხშირად ნადირობენ მსხვერპლზე, შესაბამისად, მათი შეგრძნებებიც უფრო დახვეწილია“, — განმარტავს ზდენეკი.

მკვლევართა განცხადებით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საჰაერო ბგერებისადმი რეაგირება პოტენციურად შეიძლება იყოს თავიდან აცილების ქცევა.

„ძალიან ცოტა რამ ვიცით, როგორ ახერხებს სხვადასხვა სიტუაციასა და ლანდშაფტში ნავიგაციას გველების უმეტესი სახეობა. თუმცა, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ხმა შეიძლება მათი მგრძნობელობის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს“, — ამბობს ზდენეკი.

კვლევა PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია stories.uq.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.