გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გრძელდება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა და მოწმეების დაკითხვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. კირკიტაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ სხდომის დახურვას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გურჯაანის სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის რამდენიმე წევრი იმყოფება.
დავით კირკიტაძის ადვოკატის, ბაადურ გულიაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.
წინა სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რვა მოწმე უკვე დაიკითხა. ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძის საქმესთან დაკავშირებით საქმეზე 60-მდე მოწმე უნდა დაიკითხოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 2018 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.