გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, ასევე განიხილავენ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სასამართლო სხდომა 3 აპრილს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით დახურულად გამოცხადდა, ამიტომ უცნობია, მიეცემათ თუ არა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ბრალდებულის ახლობლებს და თანაპარტიელებს.
სხდომის ჩატარების ფორმის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.
„მოსამართლემ სხდომა დახურა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ დღეს გამართულ სხდომას გულისხმობდა თუ სხვა სხდომებსაც, დაზუსტებით არ ვიცი. თუ დახურული იქნება, მე აუცილებლად დავაყენებ შუამდგომლობას, მოსამართლის გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გიორგი კონდახიშვილმა.
3 აპრილს დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ხმაურისა და სიცილის გამო, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ წესრიგის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, მოგვიანებით კი სასამართლო სხდომა დახურა, რამაც კირკიტაძის ახლობლების და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროტესტი გამოიწვია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.