გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მთავრობას კორონავირუსთან დაკავშირებით შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების უფლება 2022 წლის პირველ იანვრამდე უხანგრძლივდება
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მთავრობას კორონავირუსთან დაკავშირებით შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების უფლება 2022 წლის პირველ იანვრამდე უხანგრძლივდება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის ცვლილებები, რომლის თანახმად, მთავრობას კორონავირუსთან დაკავშირებით შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების უფლება 2022 წლის პირველ იანვრამდე უხანგრძლივდება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც უკავშირდება 2022 წლის პირველ იანვრამდე ვადის გადაწევას, განპირობებული იმით, რომ კოვიდის პირობებში მთავრობამ ოპტიმალურად მართოს პროცესები. საკმაოდ ოპტიმალურად იყო მართული ეპიდემიასთან დაკავშირებული პროცესები, აქედან გამომდინარე, პარლამენტის ზედამხედველობის და კონტროლის ქვეშ აღმასრულებელ ხელისუფლებას ვადას პირველ იანვრამდე ვუგრძელებთ შესაძლებლობებს, რომლითაც მათ უნდა მართონ კოვიდპროცესები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა ასევე უპასუხა ოპოზიციის კრიტიკას, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

„ერთ ფაქტს მაინც თუ დაასახელებთ, რომელიც არ იყო სწორად გადაწყვეტილი იმ ფარგლებში, რაც ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებას მივეცით, ანუ ამ შეზღუდვების მიზანი არ იყო, რომ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე დაწეულიყო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია, ვისაუბროთ ამაზე. ევროპის ქვეყნებში გაცილებით მეტი შეზღუდვაა და დიდი ხნის განმავლობაში. გამომდინარე აქედან, ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია ვიფიქროთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასწორად იყენებს ამ დელეგირებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.