ანრი ოხანაშვილი - გვექნება არგუმენტები, თუ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება
ანრი ოხანაშვილი - გვექნება არგუმენტები, თუ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება

სამართლებრივ სივრცეში ყოველთვის შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტაცია, როდესაც წარვდგებით საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, თუკი მოხდება ამ კანონის გასაჩივრება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საია-ს მიერ შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონის გასაჩივრებაზე კომენტარისას აღნიშნა.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, უმრავლესობას საკმარისზე მეტი არგუმენტები ჰქონდა პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს, როდესაც თქვეს, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც 15 ივლისამდე იმოქმედებს.

დეპუტატის თქმით, 15 ივლისამდე მთავრობას ექნება უფლებამოსილება, განახორციელოს ღონისძიებები, რათა დაიცვას ის ლეგიტიმური მიზანი, რაც ამ კანონპროექტს გასდევს ლაიტმოტივად – ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა.

„თუკი დაასახელებს ვინმე იმ უპირატეს სიკეთეს, რომელიც უფრო მეტია, უფრო უპირატესია, ვიდრე ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა, საინტერესო იქნებოდა, რას დაასახელებენ. მე არ მომისმენია არგუმენტი, რომ უფრო მეტი სამართლებრივი სიკეთე არის რაიმე, ვიდრე ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა, რომ თითქოს იზღუდება უფრო მეტი სამართლებრივი სიკეთე, ვიდრე ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობაა. ასეთი არგუმენტები ჩვენ არ მოგისმენია. ჩვენ არ მოგვისმენია ასევე სტრასბურგის სასამართლოს ერთი პრეცედენტი მაინც, თუ რას ეწინააღმდეგება ეს კანონი.

რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ სივრცეში ყოველთვის შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტაცია, როდესაც წარვდგებით საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, თუკი მოხდება ამ კანონის გასაჩივრება“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

საია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.