საია-მ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
საია-მ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

საია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. შესაბამისი სარჩელი სასამართლოს კანცელარიაში დღეს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, პაატა დიასამიძემ შეიტანა. გასაჩივრებულია მთავრობის 322-ე დადგენილებაში ის ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, ახალი რეგულაცია მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, ქვეყანაში დააწესოს შეზღუდვები.

არასამთავრობო ორგანიზაციაში საფრთხეებზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ მთავრობას ენიჭება უფლება პარლამენტის გვერდის ავლით შეზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული ის უფლებები, რომლის დაწესებაც მხოლოდ კანონით არის შესაძლებელი. სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ ეს პრეცედენტი აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ მთავრობამ სუბიექტური შეხედულებებით მიიღოს შეზღუდვებზე გადაწყვეტილება.

შეზღუდვები 15 ივლისამდე რჩება ძალაში, შესაბამისად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სარჩელის არსებითად განხილვასა და გადაწყვეტილების გამოცხადებას დაჩქარებული წესით ითხოვს.

„დაჩქარებული წესით ვითხოვთ საქმის წარმოებასა და განხილვას, რადგან ისეთ უფლებებს ეხება, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული. რა შეზღუდვებიც დაწესდა 15 ივლისამდე, ეს შეზღუდვები დაწესდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ანუ არა კანონის, არამედ კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე. შესაბამისად, ცალსახად მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, ვინაიდან კანონით შესაძლებელია მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა, ამ შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობამ დადგენილებით მოახდინა აღნიშნული შეზღუდვა. სუბიექტურად შესაძლებელია, რომ მთავრობამ შეზღუდოს ყველა ის უფლება, რაც კონსტიტუციითაა გარანტირებული, მათ შორის, მით უმეტეს, რომ წინ არჩევნებია“, – განაცხადა საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (მიმოსვლის თავისუფლება), „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის (შრომის თავისუფლება) შესაბამისად, „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. ამდენად, კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები.

22 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მთავრობას კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეუძლია. კანონპროექტს 81 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი არავინ იყო.

დოკუმენტს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა 23 მაისს მოაწერა. ამ კანონის თანახმად, მთავრობას დღეიდან, 54 დღის განმავლობაში, 15 ივლისის ჩათვლით, უფლება აქვს, დააწესოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, გადაადგილების შესახებ.