გურამ მაჭარაშვილი - წესის თანახმად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტში სხდომები არ იმართება, სჯობს, „ლელომ“ რეგლამენტი კარგად წაიკითხოს
გურამ მაჭარაშვილი - წესის თანახმად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტში სხდომები არ იმართება, სჯობს, „ლელომ“ რეგლამენტი კარგად წაიკითხოს

სჯობს, „ლელომ“ რეგლამენტი კარგად წაიკითხოს, სადაც წერია, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის მეოთხედს აქვს იმ შემთხვევაში, თუ ეს არის სასესიო კვირა, რეგლამენტის შესაბამისად კი, როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სხდომები არ იმართება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, დეპუტატთა მეოთხედს იმის უფლება აქვს, რომ მოიწვიონ არა რიგგარეშე სხდომა, არამედ სხდომის მოწვევის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართონ, რომელიც თავად გადაწყვეტს, მოიწვევს თუ არა სხდომას.

„რადიკალური ოპოზიციის მსგავსად, „ლელოს“ მიზანი არ არის არჩევნების მოგება. მათი ამოცანაა, როგორმე ტრიბუნა გამოიყენონ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილმა ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანია, შექმნან ილუზია, თითქოს ქვეყანაში უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს.

„საზოგადოების აყოლიება ვერ შეძლეს, რადგან ეს იყო მოგონილი ჩანაწერები. მათი მიზანია, რომ გადადგეს მთავრობა და ლილუაშვილი – ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი, რომელიც 2 ოქტომბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. მათი მიზანია, ჩანაწერების გავრცელებით ილუზია შექმნან, რომ თითქოს, ქვეყანაშია უკანონო თვალთვალი. რაც შეეხება გიორგი გახარიას ინტერესს, მისი გუნდის წევრებმა თქვეს, რომ თურმე დაუმტკიცებელ ჩანაწერებზე პასუხი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აგოს. პრაქტიკულად, მათ საკუთარი თავი გაყიდეს. ეს ადამიანები ამ უწყებას ხელმძღვანელობდნენ და ახლა ამბობენ, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, ამ სიტუაციაში გაიყიდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.