გურამ მაჭარაშვილი - ბლოკების არარსებობის სიკეთე ის არის, რომ პოლიტიკური პარტიები განვითარდნენ
ბლოკების არარსებობის სიკეთე ის არის, რომ პოლიტიკური პარტიები განვითარდნენ, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„პირველი იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც თქვა, რატომ არ უნდა იყოს ბლოკები, ეს აუცილებელიაო. რა თქმა უნდა, მათ სხვა მინუსები აქვთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არ არის ის პარტია, რომელსაც ნულოვანი ბარიერის გადალახვის ეშინია. ასეთი პარტია ხომ არ არის და როგორ გგონიათ, ეს სურვილი რატომ ჰქონდათ?! იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, მისი ქოლგის ქვეშ ძალიან ბევრი პარტია მოხვდეს პარლამენტში. შეგიძლიათ, მითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში რამდენი პარტიაა გაერთიანებული?! თუ არ ვცდები, ათამდეა და ხუთ-ექვსსაც ვერავინ დაგისახელებთ. ლიდერებზე აღარ ვსაუბრობ. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა დანარჩენი პარტიები ვერ განვითარდებიან, გარდა იმ პარტიისა, რომელიც ამ ბლოკს რეალურად ქმნის და ბლოკს იმ ძირითადი პარტიის სახელი ეწოდება, რომელიც ბლოკს ქმნის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავად თქვა უარი ბუნებრივ უპირატესობაზე და მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები განვითარდნენ.
„დარწმუნებული ვარ, თქვენ და ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელსაც თავისი პოლიტიკური პარტია აქვს, გინდათ, თქვენი პარტია განვითარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური პირი, პიროვნებები და ა.შ თქვენი მსგავსი იდეოლოგიის მატარებელია, ისინი ერთ პარტიაში განვითარდებიან. აი, ზუსტად ამას ვამბობ, რომ არა ორასი და სამასი პარტია არსებობდეს, რომელთაგან შეიძლება, ცნობადი ხუთი-ექვსი იყოს, არამედ ის პარტიები, რომელთაც შესწევთ უნარი, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მოიზიდონ, ბევრი მხარდამჭერი ჰყავდეთ და განვითარდნენ. ამომრჩეველმა, ელემენტარულად, ის მაინც უნდა იცოდეს, დასახელებით რომელი პარტია იღებს მონაწილეობას და რა ნომრით იღებს მონაწილეობას. ანუ, პარტია, რომელიც პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ უნდა, პარლამენტში მოხვდეს, მისი ცნობადობა მაინც უნდა იცოდეს საზოგადოებამ“, – ამ განცხადებით გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში სტუმრად მყოფ „ახალი მემარჯვენეების“ ხელმძღვანელს, მამუკა კაციტაძეს მიმართა.
მამუკა კაციტაძის შეკითხვაზე, რატომ ზრუნავს „ქართული ოცნება“ მის ცნობადობაზე, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მხოლოდ იმაზე კი არ ზრუნავს, პოლიტიკური პარტია თავისი პარტიის განვითარებაზე როგორ ფიქრობს, არამედ სურს, სახელმწიფოს და პოლიტიკური სპექტრის განვითარებას შეუწყოს ხელი.
„ჩვენ საზოგადოებისთვის ვზრუნავთ, მამუკა ბატონო. შეიძლება, რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც ბლოკს ქმნის, არ იყოს საინტერესო, მის ქოლგის ქვეშ შემავალი პარტიები იქნება თუ არა ცნობადი საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩვენთვის ის არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვის აძლევს ხმას და რომელი პოლიტიკური პარტიები არიან. ამოსავალი მარტო ის არ არის, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული, ვიწრო ინტერესების მქონე პარტიის ინტერესები გავატაროთ. ჩვენ გვინდა, სამომავლოდ, საზოგადოებაც, სამოქალაქო შეგნებაც ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ კი ვერ არკვევდეს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვინ იღებს, არამედ მისთვის ცხადზე უცხადესი იყოს, რომელი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. მოქალაქე იმას შემოხაზავს, ვინც სურს და არა ისე, რომ ათი პარტია ბლოკში გაერთიანდება, პარლამენტში შევა, იქ დაიშლება და ამომრჩეველი ვეღარ იგებს, ხმა ვის მისცა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ასე ჩამოყალიბდა ევროპის ქვეყნები, აშშ და ყველა ის განვითარებული ქვეყანა, რომლებმაც მით უმეტეს, საპარლამენტო ტიპის სახელმწიფო შექმნეს.
„აი, ეს არის ჩვენი პრინციპი, თორემ სხვა მიზანი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ არც სხვა პარტიების გაერთიანების გვეშინია, რომ ბლოკს შექმნიან და არც სხვა ტიპის მიზანი არ გვაქვს. აი, ეს არის ჩვენი რეალური მიზანი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ხელისუფლებისთვის მიუღებელი, მათ შორის, ის, რომ ბლოკი დარჩეს, ოღონდ უფრო მაღალი ბარიერი დაუწესდეს, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ თვითონ ეს პრინციპია არასწორი.