გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს.
როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, კახა კუჭავა მმართველ გუნდში რჩება, თუმცა პარლამენტიდან მიდის. მისი თქმით, ეს საკითხი განხილული იყო როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომაზე.
„კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები თავად ახსნა. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც საზოგადოება მალე გაიგებს. მან პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას ალღო კარგად აუღო და პარლამენტის ერთ-ერთი წარმატებული თავმჯდომარე იყო“ – აღნიშნავს მაჭარაშვილი.
კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.