გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა
გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა

ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი იუბილარია. მწერალი დღეს 80 წლის გახდა.

თანამედროვეობის გამორჩეული ავტორი 1939 წელს თბილისში დაიბადა. პოპულარობა პირველივე მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა. მისი პირველი მოთხრობა 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა. მწერალს ყველაზე დიდი აღიარება კი, რომანმა „სამოსელი პირველი“ მოუტანა.

გურამ დოჩანაშვილი ახლაც მუშაობს ნაწარმოებზე „ბრმადყოფილზე და…“. სამ წიგნად შექმნილი მხატვრული ნაწარმოების მესამე ნაწილი სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა.

გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ნაწარმოებებია: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება ნათარგმნია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

მწერალი არის ლიტერატურული პრემია – „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ამასთან, გასულ წელს გურამ დოჩანაშვილი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით დააჯილდოვა. გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა „ბრმადყოფილზე და…“ ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.