გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე

13:05, 12.12.2023

66 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი, მთარგმნელი ზურაბ ქარუმიძე. მწერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

ზურაბ ქარუმიძე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. თსუ-ში 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში“. ქარუმიძე წერდა მოთხრობებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

მის მიერ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი მოთხრობები 1996 წელს ამერიკაში, Clockwatch Review-ში გამოქვეყნდა. 2006 წელს ქარუმიძემ ინგლისურ ენაზე დაწერა რომანი Dagny or a Love Feast.

ზურაბ ქარუმიძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები: 2018 ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“, 2010 წელს პრემია „საბა“ წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“.

2007-2008 წლებში იყო პირველი არხის საზოგადოებრივ-პოპულარული გადაცემის, „ღამის საუბრების“ წამყვანი.

ქარუმიძე რედაქტორობდა საქართველოში გაცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: „საქართველო/კავკასიის პროფილი“ (1995–2000) და „კავკასიის კონტექსტი“ (2002-2005).

ზურაბ ქარუმიძეს ლიტერატურულ წრეებში იცნობდნენ შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმითაც. ამ ფსევდონიმით არის 2017 წელს გამოცემული მისი რომანი „ბაყაყები“.

მსგავსი