„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამა ცხადდება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამა ცხადდება

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აცხადებს სარეზიდენციო პროგრამას თანამედროვე ავტორებისთვის.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს, შეეძლებათ, ახალ ლიტერატურულ ტექსტებზე მშვიდ და კომფორტულ გარემოში იმუშაონ. პროექტით გათვალისწინებული პირობები ხელს შეუწყობს ავტორთა მოტივაციის გაზრდას, ნაყოფიერი სამუშაო პროცესისა და შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვას, რის შედეგადაც შეიქმნება სრულიად ახალი ლიტერატურული ნამუშევრები.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი უპირველესი მიზანი თანამედროვე ავტორების ხელშეწყობა და სალიტერატურო პროცესის სტიმულირებაა, ამიტომ, მოხარული ვარ, რომ მუშაობას, სწორედ, აღნიშნული პროგრამით ვიწყებთ. ვიმედოვნებ, მწერლები ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით და ჩაფიქრებულ ნაწარმოებებს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნიან. აქვე აღვნიშნავ, რომ, წლის განმავლობაში, მწერლებისა და მთარგნელებისთვის არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.

„როდესაც „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ვგეგმავდით, უპირატესობა მივანიჭეთ პროგრამებს, რომელთა ანალოგების ნაკლებობა და, ამასთან, დიდი საჭიროება იდგა ქართული წიგნის ინდუსტრიაში. მაშინ, როდესაც სარეზიდენციო პროგრამები მთელ მსოფლიოში მწერლების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი და უპირობო საშუალებაა, საქართველოში, მსგავსი პროგრამების განხორციელების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა არსებობს. ამდენად, მოხარული ვართ, რომ აღნიშნული პროგრამის გამოცხადებით, საშუალება გვეძლევა, ბიძგი მივცეთ, მთელი წლის განმავლობაში, ქართული საგამომცემლო-ლიტერატურული პროცესის მასშტაბურ განახლებას, რომელიც, ვიმედოვნებთ, ჩვენს სფეროს განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს“, – განაცხადა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გვანცა ჯობავამ.

პროგრამაში მონაწილეობისთვის, ავტორს გამოცემული უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი წიგნი და საქართველოში მოქმედ გამომცემლობასთან გაფორმებული ჰქონდეს ხელშეკრულება, სადაც მითითებული იქნება შეთანხმება პროექტის ფარგლებში შექმნილი ტექსტის გამოცემასთან დაკავშირებით. პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება განაცხადის შემოტანა ნებისმიერი ჟანრის წიგნზე სამუშაოდ, თუმცა პრიორიტეტულად განსაზღვრულია რომანი, ლიტერატურული კრიტიკა და მოზარდების ლიტერატურა (რომანი).

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე ბიოგრაფია, შევსებული განაცხადის ფორმა, პროგრამის ფარგლებში სამუშაო ტექსტის კონცეფცია ან სინოფსისი, ტექსტის ნიმუში და ხელშეკრულება გამომცემლობასთან, სადაც მითითებული იქნება წიგნის გამოცემის საორიენტაციო თარიღი (არაუგვიანეს 2022 წლის 23 აპრილისა).

კანდიდატებმა ელექტრონული განაცხადის ფორმა და სხვა დოკუმენტაცია უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მაისი.