გუგა ქაშიბაძე - ვთანხმდებით, რომ ჯანდაცვის რეფორმას სჭირდება ცვლილებები, რათა უფრო მორგებული იყოს პაციენტებზე, კლინიკებზე, ექიმებსა და ქვეყანაზე
ვთანხმდებით, რომ ჯანდაცვის რეფორმას სჭირდება ცვლილებები, რათა უფრო მორგებული იყოს პაციენტებზე, კლინიკებზე, ექიმებსა და ქვეყანაზე,- ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
“შესაძლებელია, შემოვიდეს ისეთი რეგულაციები, რომელიც თავიდან აარიდებს ქვეყანას იმაზე მეტი თანხის დახარჯვას ჯანდაცვის სფეროში, ვიდრე არის საჭირო. ძირითადი საუბრები იყო საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით, გარკვეულ დარღვევებთან დაკავშირებით, როგორ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილებები. ყველა ერთად ვთამხმდებით, რომ ჯანდაცვის რეფორმა საჭიროებს ყოველდღიურ ცვლილებებს, რათა უფრო მორგებული იყოს პაციენტებზე, კლინიკებზე, ექიმებზე და ქვეყანაზე”, – აღნიშნა ქაშიბაძემ.
თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე აღნიშნავს, რომ არსებული რეგულაციები უნდა იყოს შეჯერებული, რათა პაციენტები არ დაზარალდნენ.
„პირველ ნოემბერს ახალი რეგულაციები შემოვიდა, ახალი დადგენილება გამოქვეყნდა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით არეგულირებს დაფინანსების და ანაზღაურების სფეროს. მინისტრი გვაცნობს, თუ რა წარმატებები ჰქონდა ჯანდაცვის პროგრამას და დაახლოებით რა იგეგმება. ხარვეზებზეც იყო საუბარი, რადგან არც ერთი პროგრამა ისე არ მიმდინარეობს, რაღაცა პატარა ხარვეზი რომ არ იყოს. ეს იქნება დოკუმენტაციის მოწესრიგება, ხარისხის კონტროლი და ა.შ. რა რეგულაციებიც შემოდის, ჩვენთვისაც უნდა იყოს გასაგები, სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია არის ერთი და მეორეა პოზიციები, რომლებსაც კლინიკები განსაზღვრავენ. ეს უნდა იყოს შეჯერებული, რომ პაციენტი არ დაზარალდეს“,- განაცხადა ჩუხრუკიძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გრძელდება. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების თქმით, მათ მინისტრისგან ზოგადი სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღება სურთ, ასევე აქვთ კონკრეტული კითხვები, მათ შორის დაფინანსების ახალ წესზე და სელექტიურ კონტრაქტირებასთან დაკავშირებით.