დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება
დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება

კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის სფეროში წელს განხორციელებულ ცვლილებებს გააცნობს და სამედიცინო დაწესებულებებში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრებს.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მუდმივად აქვს კლინიკებთან კომუნიკაცია და დღეს არის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა, სადაც ასევე ისაუბრებენ მომდევნო წელს მოსალოდნელ ცვლილებებზე.

„ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს. გაგრძელდება სელექტიური კონტრაქტირების მიდგომა, რომელიც დაიწყო დედათა და ბავშვთა დაწესებულების მიმართულებით, გაგრძელდება ხარისხსა და ხარჯეფექტურობაზე ირიენტირებული მიდგომები და ასევე კლინიკებს გავაცნობ იმ ძირითად ხარვეზებსა და მიღწევებს, რაც დაფიქსირდა სამედიცინო დაწესებულებებში.

რაც შეეხება ხარვეზებს, ეს არის, ძირითადად, საორგანიზაციო ხასიათის ხარვეზები. საბედნიეროდ, აქ რაიმე გამოკვეთილი ტენდენცია სამედიცინო მოვლის ხარისხსა ან კლინიკურ მედიცინაზე არ არის, არამედ აქ არის უფრო დოკუმენტწარმოებისა და საორგანიზაციო ტექნიკური ხარვეზები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება, რომელთაც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. დღევანდელ შეხვედრაზე 100-მდე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ პროექტებს გააცნობს. პროექტების პრეზენტაციის შემდეგ კი შეხვედრა დისკუსიის ფორმატით გაგრძელდება.