გუგა ქაშიბაძე - ხობში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულთა შორის ერთი 9 წლის გოგონაა, რომელსაც სხეულის 50%-იანი დამწვრობა აღენიშნება.
„პაციენტს ასევე დაზიანებული აქვს სასუნთქი სისტემა. პაციენტები კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი პაციენტი თბილისში გუშინ გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული, 67 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. როგორც გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, მამაკაცი კლინიკაში სხეულის 95-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს და მას სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება ჰქონდა მიღებული.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება დიზელის ნაცვლად, ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია. დაშავებულები შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოინახულა.