ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი პაციენტი თბილისში გადაიყვანეს
ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი პაციენტი თბილისში გადაიყვანეს

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში სამი პაციენტი გადაიყვანეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, კატასტროფის ბრიგადებს ხობის საავადმყოფოში მოთავსებული კიდევ ორი პაციენტი გადაჰყავთ თბილისში.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა აღენიშნება.

„ეს არის მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა. მეორე ქალბატონის მდგომარეობაც მძიმეა, მას 50-60 პროცენტი აღენიშნება დამწვრობა. ორივე მართვით სუნთქვაზეა. მძიმეა არასრულწლოვანის მდგომარეობაც. სამივეს აღენიშნება დამწვრობითი შოკის კლინიკური სურათი.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება ორი პაციენტი. მათ სხეულის მცირე დამწვრობა აღენიშნებათ“,- განაცხადა სულხან ორჟონიამ.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება დიზელის ნაცვლად, ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია. დაშავებულები შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოინახულა.