გუგა ქაშიბაძე - ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა
გუგა ქაშიბაძე - ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება. ამის შესახებ პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დაშავებული 59 წლის ქალი და 29 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

„ქალს დამწვრობა სახეზე, ასევე ზემო და ქვედა კიდურებზე აქვს, ხოლო მამაკაცს დამწვრობა ზურგისა და თავის მიდამოებში აღენიშნება. ქალს სხეულის 40 პროცენტი, ხოლო მამაკაცს 20 პროცენტი აქვს დამწვარი“,- განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მიღებული დამწვრობა სიცოცხლისთვის სახიფათოა.

გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.