გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატი - ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს და ვფიქრობთ, ამ საქმეზე 360 გრადუსით შეიცვლება შეხედულება
გუდაურში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის, თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატი, ნიკოლოზ წულეისკირი ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის მიმართ ბრალის დამძიმებას ეხმაურება.
ადვოკატის თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიებას სრულიად ენდობიან და მიიჩნევენ, რომ საქმის გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
„სრულ ნდობას ვუცხადებთ გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მიდიან. სასამართლო პროცესები დისტანციურად მიდის. ჩვენ შესაძლებლობა არ გვაქვს, თვალყური ვადევნოთ სასამართლოს, ამიტომ უახლოეს მომავალში ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ, მოგვცეს საშუალება, რომ თვალყური ვადევნოთ მიმდინარე პროცესებს, შეგვეძლოს ჩართვა დისტანციურად“,- განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ნიკოლოზ წულეისკირი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, ოჯახის წევრებთან ერთად გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომელიც საქმისადმი დამოკიდებულებას 360 გრადუსით შეცვლის.
„უახლოეს მომავალში ოჯახთან ერთად ჩავატარებთ პრესკონფერენციას, სადაც წარვადგენთ მტკიცებულებებს და ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს. ვფიქრობ, 360 გრადუსით შეიცვლება ყველა ადამიანის შეხედულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს თუნდაც ერთ-ერთი კადრი, რომელიც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და არც წარმოადგენს. დაცვის მხარემ ყველა კადრი რომ წარმოადგინოს, რაც გააჩნიათ, რეალურად სურათი სულ სხვა იქნება. პრესკონფერენციას აუცილებლად ჩავატარებთ, რადგან ოჯახის წევრები სულ სხვანაირად ფიქრობენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ისინი იბრძოლებენ ბოლომდე და აუცილებლად დაამტკიცებენ, რომ წარმოჩინება იმისა, თითქოს თამაზ გორთამაშვილს რამე ბრალი მიუძღვის, არის სრული აბსურდი. თუ დამნაშავე უნდა ვეძებოთ, უნდა ვეძებოთ მეორე მხარეს“,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი 16 თებერვალს დააკავა. მერაბ კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს.