ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს წარუდგინეს
ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს წარუდგინეს

ავჭალაში, სარაჯიშვილის გამზირზე, ავტომანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს, ვასილ ჯანჯღავას წარუდგინეს.

აღნიშნულის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, ნიკოლოზ წულეისკირმა განაცხადა. წულეისკირის განმარტებით, ჯანჯღავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

ადვოკატის თქმით, ჯანჯღავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის, 236-ე და 108-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, ადვოკატის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია მკვლელობის მოტივი, რაც დღემდე გამოძიებისთვისაც უცნობია.

„ბრალი ნამდვილად წაუყენეს. წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ასევე განზრახ მკვლელობას. ჩემი ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს მისთვის ადვოკატის აყვანაზე, ალბათ სახაზინო ადვოკატი დაენიშნება, როდესაც დააკავებენ. ოჯახის წევრებისთვის ერთადერთი პრობლემა რაც გახლავთ, ეს არის ის, რომ ჯერ მოტივი არ ვიცით. მათ სურთ, ძალიან მალე დამთავრდეს გამოძიება, ვინაიდან არის გარკვეული პრობლემები ნივთებთან დაკავშირებით, რომლის დაბრუნებასაც სასწრაფოდ ითხოვენ. მტკიცებულებებთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ უამრავი ექსპერტიზა ჩატარდა, ამოღებულია მანქანა, კამერები „დნმ“-ის ანალიზები და ასე შემდეგ. მესამე დღესვე ვამბობდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, როგორც კი მიიღეს ექსპერტიზის დასკვნები და გამყარდა მტკიცებულებები. ზუსტად მაშინ მოხდა ბრალის წარდგენა. მესამე დღეს გამოძიებისგან იმხელა ინფორმაცია მქონდა, რომ ვიცოდი, ყველაფერი რიგზე იყო“, – განაცხადა ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა.

ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც დღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სარაჯიშვილის გამზირზე მოკლეს, 2004 წლის გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი იყო.

2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრ კახა გიუაშვილის საქმეზე ვალერიან ნემსიწვერიძე და კიდევ ერთი პირი, დავით მინდაძე 2004 წლის 13 მაისს დააკავეს. 2007 წლის 26 თებერვალს სასამართლომ ისინი დამნაშვედ ცნო. საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა. მომჩივნები მათ წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, ჩიოდნენ დაკავებისას პოლიციის მხრიდან არასათანადოდ მოპყრობის, წინასწარი პატიმრობის პირობების,  პერიოდის არასათანადობისა და უკანონობის გამო. მინდაძემ და ნემსიწვერიძემ წამებისა და არაადამიანურ მოპყრობის ნაწილში სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგეს. სახელმწიფოს მათთვის 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა.