Guardian - საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატი ამბობს, რომ რუსეთი ევროპულ სასამართლოს აშანტაჟებს
Guardian - საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატი ამბობს, რომ რუსეთი ევროპულ სასამართლოს აშანტაჟებს

ბრიტანულ Guardian-თან საუბარში საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატი ამბობს, რომ რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დატოვებით იმუქრება, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას მოსკოვის სასარგებლოდ არ მიიღებს. ბენ ემერსონმა ეს განცხადება დღეს სტრასბურგში გააკეთა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ საქართველო სარჩელზე ზეპირი მოსმენა გაიმართა.

„უკვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ რუსეთი ღიად და ასევე დახურულ შეხვედრებზე ლობირებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მოსკოვის სასარგებლოდ მიიღოს. რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გასვლით და სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება, თუ სასამართლო მის საწინააღმდეგო ვერდიქტს გამოიტანს“, – ამბობს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველი.

Guardian-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთს 2008 წლის ომის დროს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში ადანაშაულებს.

„როგორც საქართველოში ამბობენ, რუსულმა თვითმფრინავებმა ხუთი დღის განმავლობაში 100-ზე მეტი იერიში მიიტანეს საქართველოში მდებარე სამიზნეებზე. მათივე თქმით, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ რუსული ბომბები სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გამოიყენეს. შედეგად, დაიღუპნენ და დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები. ეს მტკიცებულებები აერთიანებს სატელიტურ სურათებს, ვიდეოებს და სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს“, – წერს Guardian-ი.

საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატი ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებამდე და გაფორმების შემდეგაც, რუსეთის ჯარი შეიჭრა ეთნიკურად ქართველი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში და ყველა გასასვლელი ჩახერგა. მისივე თქმით, ამის შემდეგ ოსი სამხედროები და სხვა უკანონო დაჯგუფებების წევრები ცეცხლს უკიდებდნენ ქართველების სახლებს და მთელი სოფლები გადაწვეს. მათ არაერთი ადამიანი მოკლეს, ბევრს კი მოკვლით დაემუქრნენ, თუ ისინი სოფლიდან წასვლაზე უარს იტყოდნენ.

Guardian-ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 30-ზე მეტ მოწმეს მოუსმინეს.

„მათი ჩვენებები ომის ყველაზე სასტიკ ეპიზოდებს მოიცავდა. მათ შორის იყო 26 000 ქართველის ეთნიკური წმენდა, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ან მოსაზღვრე სოფლებში ცხოვრობდნენ და რომლებიც გააძევეს, ხოლო მათი სახლები დაწვეს. ასევე, თავდასხმა ქალაქ გორზე და პატიმრების წამება“, – წერს ბრიტანული გამოცემა.

Guardin-თან საუბარში საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატი ბენ ემერსონი აცხადებს, რომ რუსეთის მხარის მტკიცებით, გორში „ისკანდერის“ რაკეტით თავდასხმა, რომელსაც ჰოლანდიელი ჟურნალისტი და კიდევ 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, საქართველოს ხელისუფლებამ დადგა.

„რუსეთის მხრიდან ამის მტკიცება უაზრო და კომიკურია“, – აცხადებს ემერსონი ბრიტანულ Guardian-თან ინტერვიუში.