The Guardian-ი აგვისტოს ომის შესახებ თამარ ბერუჩაშვილის სტატიას აქვეყნებს
„დასავლელი მოკავშირეები საქართველოსთვის რუსეთს წინ უნდა აღუდგნენ“, – ამ სათაურით ავრცელებს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian.
„2018 წელს საქართველო 100 წლისთავს აღნიშნავს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან, რამაც საფუძველი დაუდო თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოებას“, – წერს ქართველი დიპლომატი და აღნიშნავს, რომ წელსვე, რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიიდან 10 წელი შესრულდა.
ბერუჩაშვილი წერს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის/„სამხრეთ ოსეთის“ უკანონო ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიას, რითაც ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო სისტემაში დაფუძნებულ ნორმებს.
„გარდა ამისა, რუსეთი ბლოკავს ჰუმანიტარულ და საერთაშორისო წვდომას ოკუპირებულ რეგიონებთან, აუარესებს ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას ადგილზე, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების ყოველდღიური დარღვევით. ასობით ათასი ქართველი იძულებით გადაადგილებული პირია და მავთულხლართებს მიღმა უკანონო დაკავება, არასათანადო მოპყრობა და მათი საკუთრების, ეკლესიისა და სასაფლაოს მონახულებისთვის სიკვდილიც კი ემუქრებათ.
სუვერენული საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და დისლოცირებული სამხედროები სერიოზულ საფრთხეს ქმნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის, უფრო ფართოდ ევროპაში და მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების სერიოზულ ჩართულობას. საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებების მიმართ. ჩვენ საერთო ფასეულობები გვაერთიანებს, გვაქვს საერთო ინტერესები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით, ჩვენ საერთო გამოწვევების წინაშე ვართ“, – ვკითხულობთ თამარ ბერუჩაშვილის სტატიაში.
ბერუჩაშვილი წერს, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი 20%-ის ოკუპაცია ნათელი დემონსტრირებაა მოსკოვის მზაობისა, ცალმხრივად შეცვალოს ევროპის საზღვრები ძალისმიერი გზით და გამოწვევის წინაშე დააყენოს სუვერენული მეზობლების უფლება განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
„დასავლელი მოკავშირეები წინ უნდა აღუდგნენ რუსეთს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენი ერთიანი პრინციპების, ფასეულობებისა და ინტერესების დასაცავად“, – წერს თამარ ბერუჩაშვილი სტატიაში.