თამარ ბერუჩაშვილი - ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის ფონზე, დიდ ბრიტანეთთან სავიზო პირობების გამარტივებას მივაღწიოთ
თამარ ბერუჩაშვილი - ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის ფონზე, დიდ ბრიტანეთთან სავიზო პირობების გამარტივებას მივაღწიოთ

ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ელჩების კონფერენციის“ გახსნის ღონისძიებაზე განსაკუთრებით აღინიშნა სწორედ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები.

ელჩის განცხადებით, 2018 წელი საკმაოდ წარმატებული იყო.

“ჩვენი პარტნიორობა ყველა მიმართულებით, ეს იქნება პოლიტიკური დიალოგი, თავდაცვა, უსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობის განვითარება, ეკონომიკური დიპლომატია, თუ საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობები ნამდვილად ახალ ეტაპზეა გადასული. ეს არის 43 %-ით გაზრდილი ტურისტთა ნაკადი, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და ექსპორტის 37%-ით გაზრდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დინამიკა საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით. ბრიტანეთი რჩება ჩვენს ერთ-ერთ ინვესტორად და ჩვენი გეგმები 2019 წლისთვის ძალიან ამბიციურია. ეს იქნება მაღალი დონის ვიზიტები დიდ ბრიტანეთში. დარწმუნებული ვარ, პირველი პრეზიდენტი ქალი საქართველოში არის განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც მისი უდიდებულესობის დედოფალის ელისაბედ მეორის სპეციალურ მილოცვით აღინიშნა. შესაბამისად, საქართველოს საელჩოს პრიორიტეტი იქნება მაღალი დონის ვიზიტებზე მუშაობა. ველოდებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავის პირველ ვიზიტს განახორციელებს დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ვემზადებით ქართული უნიკალური კულტურის წარმოსაჩენად 2020 წელს დიდ ბრიტანეთში”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად „ბრექსიტის“ სირთულეებისა, ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები არის ძალიან მაღალ დონეზე.

„ეს ძალიან დიდი გამოწვევა, მაგრამ ამასთან ერთად საქართველო და ბრიტანეთი აქტიურად თანამშრომლობს, რომ ეს გამოწვევა ჩვენ გადავაქციოთ ახალ შესაძლებლობად. ახალი შესაძლებლობა ნიშნავს ახალი სტრატეგიული, ყოვლისმომცველი, ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას დიდ ბრიტანეთთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა მოიცავს ძალიან ფართომასშტაბიან თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს და თანამშრომლობას ბრიტანეთთან, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ეს არის თანამშრომლობა ტერორიზმის, კიბერშეტევების წინააღმდეგ და რასაკვირველია, ძალიან აქტიური ურთიერთობა საინვესტიციო სავაჭრო ურთიერთობების წინ წამოწევისთვის“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისი თქმით, სავიზო პირობების გამარტივება, მითუმეტეს „ბრექსიტის“ ფონზე, არ არის მარტივი თემა.

„მიმოსვლა არის ძალიან რთული თემა. როგორც მოგეხსენებათ, ემიგრაცია „ბრექსიტის“ ერთ-ერთი გამომწვევი კომპონენტია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის ფონზე, მივაღწიოთ სავიზო პირობების გამარტივებას დიდ ბრიტანეთთან. ეს არ არის ადვილი ამოცანა, მითუმეტეს „ბრექსიტის“ ფონზე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.