დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი ბელფასტს ეწვია
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი ბელფასტს ეწვია

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე კოკაია ჩრდილოეთ ირლანდიაში ქალაქ ბელფასტს  ეწვივნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, ეს იყო საქართველოს ელჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში.

ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნეს და კულტურულ წრეებთან ურთიერთობების დამყარება და შემდგომი განვითარება. ასევე აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებთან საქართველოს რეფორმებისა და რუსული ოკუპაციის გამოწვევების გაცნობა,  საინვესტიციო კლიმატის პრეზენტაცია.

ბელფასტში ვიზიტის ფარგლებში, „სტორმონტის ციხესიმაგრეში“ (მთავრობის ადმინისტრაცია) თამარ ბერუჩაშვილი ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობაში საერთაშორისო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის დირექტორს, ენდრიუ მაკკორმიკს, ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, დეიდრე გრიფიტს და მთავრობის აღმასრულებელი და მრჩეველთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნეილ ჯექსონს შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„ჩრდილოეთის ირლანდიის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოხატეს სრული მზაობა საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში (პარლამენტში) არ ტარდება სხდომები, გაიმართა ელჩის გაფართოებული შეხვედრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, საიმონ ბაროუსთან და პარლამენტარების მრავალპარტიულ ჯგუფთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტებს შორის კომპეტენციის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბების შესაძლებლობები. პარლამენტარების მხრიდან ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით გამოცდილების გაზიარების თაობაზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავის მოხსენებაში საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, წარმატებებზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. თამარ ბერუჩაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით, ბერუჩაშვილი ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ბიზნეს კომპანიების დაკავშირების, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმის გაფორმების, ასევე მაღალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კუთხით ჩრდილოეთ ირლანდიის გამოცდილების გაზიარების საკითხები.

პრეზენტაციისას თამარ ბერუჩაშვილმა ქვეყანაში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოსა და ქვეყნის, როგორც სტრატეგიული რეგიონული ჰაბის, სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილს საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში.

შეხვედრები საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნითაც გაიმართა. ასევე თამარ ბერუჩაშვილი ჩრდილოეთ ირლანდიის ხელოვნების საბჭოს წარმომადგენლებსაც შეხვდა.