გრიპის ვირუსის ორი შტამი, სავარაუდოდ, სრულიად გაქრა — #1tvმეცნიერება
COVID-19-ის პანდემიის დროს გრიპის გადადების იმდენად ცოტა შემთხვევა ფიქსირდება, რომ ახალი მოხსენებების მიხედვით, მისი ზოგიერთი ტიპი შეიძლება საერთოდ გაქრა.
ამავე პერიოდში, გრიპის შემთხვევები ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა; ამ ფენომენს ექსპერტები უკავშირებენ ნიღბების ტარებას და ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ სხვა ზომებს.
STAT-ის ცნობით, გრიპის ორი ტიპი უკვე წელიწადია, რადარებიდან გაქრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ამ ვირუსების დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ექსპერტებმა ჯერ არ იციან, გადაშენდა თუ არა გრიპის ეს ტიპები, მაგრამ თუ ასე აღმოჩნდა, საჭირო გახდება გრიპის ვაქცინიდან ამ შტამების ამოღება, რაც ყველაფერს კიდევ უფრო გააადვილებს.
იმის ასახსნელად, თუ გრიპის რომელი ვირუსები შეიძლება გაქრა, საჭიროა ჯერ გრიპის ვირუსთა კლასიფიკაციაში გავერკვეთ. სეზონურ გრიპს გრიპის ვირუსების ორი ოჯახი იწვევს: A და B ტიპი. A ტიპის ვირუსები ქვეტიპებად იყოფა და ამას განაპირობებს მათ ზედაპირზე არსებული ორი ცილა, სახელად ჰემაგლუტინინი (H) და ნეირამინიდაზა (N).
ამჟამად ადამიანებში ცირკულირებს H1N1 და H3N2; თითოეული ეს ქვეტიპი თავის მხრივ კიდევ იყოფა შტოებად.
მეორე მხრივ, B ტიპის ვირუსს ქვეტიპები არ გააჩნია მაგრამ იყოფა ორ ხაზად, რომლებსაც B/Yamagata-ს და B/Victoria-ს უწოდებენ. H3N2-ის ერთი შტო, სახელად 3c3.A, 2020 წლის მარტის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. STAT-ის ცნობით, ასეთივე სიტუაციაა B/Yamagata-ს შემთხვევაშიც.
„ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ ის გაქრა, მაგრამ მსოფლიო მაინც დიდია“, — ამბობს სიეტლის ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევის ცენტრის ბიოლოგი ტრევორ ბედფორდი და გულისხმობს H3N2 შტოს.
იგივეს ფიქრობს B/Yamagata-ს ხაზის შესახებ ნიუ-იორკის მაუნთ-სინაის აიკანის სამედიცინო სკოლის ვირუსოლოგი ფლორიან კრამერი.
„ის, რომ არავის უნახავს, არ ნიშნავს მის სრულიად გაქრობას, არა? მაგრამ შეიძლება ის მართლაც გაქრა“, — ამბობს კრამერი.
გრიპის ვირუსთა ნაკლები მრავალფეროვნება დიდებული ამბავი იქნება.
გრიპის ვაქცინებს მეცნიერები ყოველ წელს გრიპის სეზონის დაწყებამდე თვეებით ადრე ამზადებენ, ამისათვის კი იკვლევენ, რომელი შტამები ცირკულირებს მსოფლიოში და შემდეგ პროგნოზირებენ, რომელი შტამები იქნება ყველაზე დიდი ალბათობით ყველაზე გავრცელებული მომავალ სეზონზე. შტამების ნაკლები მრავალფეროვნება მათ ამ საქმეს უაღრესად გაუადვილებს და გაიზრდება იმის შანსიც, რომ ვაქცინაში მათ მიერ გამოყენებული შტამები სეზონზე რეალურად ცირკულირებადს დაემთხვეს.
H3N2 ვირუსები განსაკუთრებით მრავალფეროვანი ჯგუფია; STAT-ის ცნობით, COVID-19-ის პანდემიამდე, მათი შტოები ყოველწლიურად სულ უფრო გენეტიკურად მრავალფეროვანი ხდებოდა. შესაბამისად, ამ ქვეტიპის მრავალფეროვნების კლება ნამდვილად შესანიშნავი ამბავი იქნება.
„ამჟამად, როდესაც ვსხდებით და ვაქცინის შტამებისთვის რეკომენდაციების გაცემას ვიწყებთ, ეს ვირუსი ყოველთვის დიდი თავის ტკივილია“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი რიჩარდ ვები.
ვები იქვე შენიშნავს, რომ ვირუსის ეს ტიპები შეიძლება ჯერ კიდევ არსებობდეს, მიუხედავად მათი შემთხვევების ვერ დაფიქსირებისა. თუმცა, გრიპის შემთხვევათა დრამატული კლება გრიპს სავარაუდოდ შეცვლის.
„ეჭვგარეშეა, რომ გრიპის ვირუსების მრავალფეროვნების თვალსაზრისით რაღაც აუცილებლად შეიცვლება. უცნობია, რა მასშტაბით და რამდენი ხნით მოხდება ეს ცვლილებები, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი რამის მომსწრე ჯერ არასოდეს ვყოფილვართ“, — აღნიშნავს რიჩარდ ვები.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.