რუსეთის საგარეო უწყება - გრიგორი კარასინმა ევროკავშირის წარმომადგენელთან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ ისაუბრა
მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის ტოივო კლაარის შეხვედრა გაიმართა.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, ასევე ინციდენტთა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრიგორი კარასინმა ევროკავშირის წარმომადგენელთან დევნილთა დაბრუნების თემაზე გაერო-ში მიღებული რეზოლუციისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხები დააყენა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ინიციატივები ამწვავებს თბილისის ურთიერთობებს სოხუმთან და ცხინვალთან.
„იმის მიუხედავად, რომ თბილისში საუბრობენ მათ კეთილ განზრახვებსა და ნაბიჯებზე უკეთესი მომავლისკენ, რეალურად, საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხელს უწყობს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გამწვავებას”, – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის ფორმატში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.