გრიგორი კარასინი - თუ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სამხედრო აქტივობა განვითარდება, ეს ადრე თუ გვიან პრობლემამდე მიგვიყვანს, კარგად გვახსოვს, საიდან დაიწყო უკრაინის პრობლემები, საკითხი იგივენაირად დგას
ვცდილობთ, მოვუწოდოთ საქართველოს, რომ უსიამოვნო მოულოდნელობები არ იყოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გრიგორი კარასინის კომენტარს გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.
„ჩვენ, პირიქით, ვიღწვით, მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ჩვენ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ იყოს. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო აქტუალური ხდება ნატო-ს დღის წესრიგი. იქ, საკმარისად ხშირად ტარდება ნატო-ს მასშტაბური წვრთნები. ამასთან, საქართველო ხელს უწყობს, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, მაგალითად სომხეთმა“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
გრიგორი კარასინის თქმით, საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს – ის ან სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ატმოსფეროს შექმნას ირჩევს ან ევროატლანტკურ დღის წესრიგს.
„ერთდროულად ამის გაკეთება რთულია და მას შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. გასაგებია, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში განვითარდება ნატო-ს სამხედრო აქტივობა, ადრე თუ გვიან ეს პრობლემამდე მიგვიყვანს. კარგად გვახსოვს, საიდან დაიწყო უკრაინის პრობლემები. საკითხი იგივენაირად დგას“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.