გრიგორი კარასინი - საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების შეთანხმების სამოქმედო გეგმების განხილვას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება
საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმების სამოქმედო გეგმების განხილვას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის წინ განაცხადა.
„18 მაისს ჩვენი სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობამ ხელი მოაწერა შეთანხმებასა და კონტრაქტს შვეიცარიულ ფირმა SGS-თან, რის შემდეგაც შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაცია იწყება. ვიცი, რომ 7 ივნისს მოსკოვში ჩვენს ექსპერტებთან შესახვედრად შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანი ჩავა და შემდგომ სამოქმედო გეგმებს განიხილავენ“, – განაცხადა კარასინმა.
მისი თქმით, საჭიროა სამმხრივი კომისიის შექმნა, რომელიც ამ საკითხებით დაკავდება.
„განიხილება კონკრეტული საკითხები, როგორ გაკონტროლდება სავაჭრო ნაკადები რუსეთსა და საქართველოს შორის, როგორ იქნება ორგანიზებული ეს პუნქტები და ა.შ. ეს სერიოზული სამუშაოა და სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფორმალობა დაცულია, საჭიროა მხოლოდ მოქმედება“, – აღნიშნა კარასინმა.
კითხვაზე, როგორ უყურებენ ამას აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები, კარასინმა განაცხადა: „მათ ჰკითხეთ, ამის საშუალება ჟენევაში გაქვთ“.
„თქვენი კითხვის მიზანია, გაართულოთ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია. ჩვენ ეს მიზანი არ გვაქვს. ჩვენ გვსურს, რომ ეს შეთანხმებები განხორციელდეს“, – დასძინა კარასინმა.
რუსეთმა საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი.
ზურაბ აბაშიძის თქმით, შვეიცარულ კომპანია SGS-სთან 2011 წელს შემუშავებული კონტრაქტი მხარეებს შორის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას ითვალისწინებს.