გრიგორი კარასინი - ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის დელეგაციის მიღების შესახებ საქართველოს განცხადებების მიუხედავად, ოფიციალურად მიწვევა არ მიგვიღია
სახელმწიფოებს შორის ყოველთვის არსებობს ოფიციალური მიმოწერა ვერბალური ნოტების სახით ან გზავნილის ფორმით. ეს გახლავთ ოფიციალური მიმართვა, რომელიც ფორმულირებულია ოფიციალურ დოკუმენტებში და ერთი მხარის მიერ მეორეს გადაეცემა, იმაზე გათვლით, რომ იქნება რაიმე რეაგირება. ჩვენს ბოლო მიმართვაზე ასეთი რეაგირება არ მიგვიღია, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა და საქართველოსთან მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი 2019 წლის ივნისში ოფიციალურად ითხოვდა ლუგარის ლაბორატორიის მონახულებას, მაგრამ ამ საკითხზე „რაიმე სახით გასაგები პასუხი არ მიუღია“.
„ეს საკითხი კი ფრიად მნიშვნელოვანი და სენსიტიურია, თუ გავითვალისწინებთ მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ამიტომ ამ საკითხის განხილვას ვაგრძელებთ და ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე გაგებით მოეკიდება ჩვენს შეშფოთებას, რომელიც ყველა მეზობელ ქვეყანას აქვს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა კარასინმა.
მისივე თქმით, ის ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრას ზაფხულის თვეებში იმედოვნებს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალური კომენტარი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხისმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა, განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ ქვეყნებთან ერთად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, როდესაც მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა, ქვეყანამ მიიღო ცილისმწამებლური განცხადებები რუსეთის მხრიდან. „მიუხედავად იმისა, რომ არანაირი იურიდიული ვალდებულება არ გვაქვს, კიდევ ერთხელ მზად ვართ, რუსეთის წარმომადგენლები დავპატიჟოთ და კიდევ ერთი ახალი წვრთნები ჩავატაროთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.